ოსკარზე წარსადგენად რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “მოქალაქე წმინდანი” შეირჩა

კინოთეატრ „ამირანში“ გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა შესარჩევი კონკურსით ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 2024 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმი გამოავლინა.

2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმია „მოქალაქე წმინდანი“. ფილმის რეჟისორია თინათინ ყაჯრიშვილი. ფილმმა შესარჩევ კონკურსში კომისიის ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა (12-იდან რვა ხმა). „მოქალაქე წმინდანი“ გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. საქართველოს, საფრანგეთისა და ბულგარეთის ერთობლივ კინოსურათში, რომელიც სამ ქართულ ქალაქშია გადაღებული, მთავარ როლებს გია ბურჯანაძე, ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი და მარი კიტია ასრულებენ.

საქართველოს საკონკურსო ფილმი სპეციალური კომისიის ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. კომისიის წევრები იყვნენ: გიორგი ხარებავა; კონსტანტინე ესაძე; ედმონდ მინაშვილი; ზაზა შათირიშვილი; ვალერიან კირკიტაძე; ოთარ ბუბაშვილი; ნიკოლოზ შენგელაია; მარიამ ხაჭვანი; რუსუდან გლურჯიძე; ლევან გიგინეიშვილი; ბაჩანა ოდიშარია; გიორგი ცხვედიანი.

წელს საქართველოს საკონკურსო ფილმის სტატუსის მოპოვებას ოთხი ქართული ფილმი ცდილობდა:

1. „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“ (რეჟისორი – ლელა წიფურია);

2. „მოქალაქე წმინდანი“ (რეჟისორი – თინათინ ყაჯრიშვილი);

3. „მშვენიერი ელენე“ (რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი);

4. „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (რეჟისორი – ელენე ნავერიანი).

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიას კონკურსში გამარჯვებულ ქართულ ფილმს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები