უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა ქვემო ნიქოზში
სოფელ ქვემო ნიქოზში, ორწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ძვ.წ. 18-17 საუკუნის ყორღნული ტიპის სამარხი აღმოაჩინეს. არქეოლოგების თქმით, აღმოჩენა უნიკალურია, შიდა ქართლის რეგიონში 3 800 წლის წინანდელი შუა ბრინჯაოს ხანის ასე შენახული, ასეთი დიდი ზომის სამარხი პირველადაა აღმოჩენილი. სამარხი, სავარაუდოდ, ტომის დაწინაურებული წევრის, შესაძლოა, ბელადის იყოს.
არქეოლოგებმა გათხრების შედეგად ორი ხარის თავი, ოთხთვალა ეტლის დანახშირებული ნაშთები და სხვადასხვა თიხის ჭურჭელი იპოვეს.
არქეოლოგიურ გათხრებს გორის უნივერსიტეტისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი გიორგი მიმდიაშილი ხელმძღვანელობს და მასში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან ჩართული.
“არ შემიძლია ჩემი ემოცია არ გაგიზიაროთ. ძალიან მალე ბევრი ტურისტი მოინახულებს ამ არქეოლოგიურ გათხრებს. კვლევა ახალი ცოდნის დაბადებაა. ჩვენს თვალწინ ჩნდება ისეთი ტურისტული ლოკაცია, რომელიც ბევრ ვიზიტორს მიიზიდავს. აღმოჩენა, რომელსაც ანალოგი არ აქვს შიდა ქართლში. შუა ბრინჯაოს პერიოდის წარჩინებულის სამარხი ქვემო ნიქოზში.
საოცარი აღმოჩენა ქვემო ნიქოზში. ეს გახლავთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტი, რომელიც გორის მერიის დახმარებით ხორციელდება. დიდი მადლობა, ცნობილ ქართველ არქეოლოგს, ბატონ გოგი მინდიაშვილს, რომლის შრომამ დიდი შედეგი მოიტანა. დიდი მადლობა არქეოლოგ ირაკლი სოზაშვილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროექტშია ჩართული. მარადიული ნათელი სოსო ალიმბარაშვილის სულს, რომელიც დღიდან გათხრების დაწყებისა, ამ პროექტში აქტიურად მონაწილეობდა და ხარობდა ჩვენი კუთხის უძველესი ისტორიის გაცოცხლებით”, – განაცხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა.