მწერალი ირაკლი შამათავა გალისიაში გაემგზავრება
მწერალთა სახლის რეზიდენციისა და ა-კორუნიას (გალისია, ესპანეთი) მწერალთა რეზიდენციის (Residencia Literaria 1863) გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის ოქტომბერში მწერალი ირაკლი შამათავა გალისიაში გაემგზავრება. ა-კორუნიას მწერალთა რეზიდენციაში ის ერთი თვის განმავლობაში იცხოვრებს და იმუშავებს მომავალ წიგნზე, რომელიც ავტობიოგრაფიულია. წიგნი ჰყვება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებზე, მიტოვებულ ქალაქებზე, გაუკაცრიელებულ სოფლებსა და ომში დარჩენილი თაობების ხმებზე, იმ ადამიანების ხმებზე, რომლებიც ტერიტორიებთან ერთად, მშობლიურ ენასაც კარგავენ.
ირაკლი შამათავა დაიბადა 1987 წლის 14 ნოემბერს, გალში, აფხაზეთში; არის სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. შამათავას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: 2012-2013 წლებში იყო დავით აღმაშენებლის და გურამ რჩეულიშვილის პრემიის ლაურეატი; 2016 წელს მიენიჭა პრემია ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 2019 წელს მიიღო გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია, 2020 წელს პრემია „მანდარინები“ ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის; ის არის ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი (2022 წელი).