გერმანულად ითარგმნა და გამოიცა თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“
მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულად ითარგმნა და შვეიცარიული გამომცემლობის, Kolchis Verlag-ის მიერ გამოიცა თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“.
მთარგმნელი: სიბილა ჰაინცე.
წიგნში მოთხრობილია შუახნის, მარტოხელა ქალის ეთეროს შესახებ, რომელიც პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა. ეთეროს ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში თანდათან იკვეთება მთავარი გმირის მძიმე ცხოვრების ისტორია; პროვინციული ქალაქების, ერთი შეხედვით, უძრავი და უცვლელი, სოციალური თუ პიროვნული სირთულეებით დაღდასმული ყოფა, რომელიც ადამიანებზე გამანადგურებლად მოქმედებს; დილემები, რომელთა წინაშეც მთავარი გმირი უეცრად აღმოჩნდება და რაზედაც საბოლოო პასუხიც მკითხველმა უნდა გასცეს.
„შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის მესამე რომანია. მისი „გათვლა“ 2010 წელს, ხოლო „აღმოსავლეთით“ 2015 წელს გამოიცა. „გათვლა“ თარგმნილია გერმანულ, იტალიურ, რუსულ, ხორვატიულ, მაკედონიურ და ალბანურ ენებზე. რომანმა 2011 წელს ლიტერატურული პრემია საბა, 2013 წელს კი Deutscher Jugendliteraturpreis მოიპოვა.