1901 წლის 25 აგვისტოს დაიბადა სახალხო გმირი მარო მაყაშვილი

1901 წლის 25 აგვისტოს დაიბადა სახალხო გმირი მარო მაყაშვილი. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი – მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული.

წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს.

„დედა, მამა, როგორ ხართ? ჩვენ ისევ ტაბახმელაში ვართ. ღამე სადღაც დუქანში გავატარეთ. მთელი ღამე არ გვეძინა. ჯერჯერობით, სროლა არ ისმის. აქ კარგ პიროვნებებთან ერთად ვარ. თქვენ თავს გაუფრთხილდით. ხშირ-ხშირად შალიკოს ამბები გამაგებინეთ. მოკითხვა ყველას. რეზიკოს უთხარით, ნუ გამიჯავრდება. ამ ერთ საათში ზევითკენ მივდივარ. შესაძლებელია, კოჯორში კი არ წავიდეთ, არამედ, დაბლა.“

„მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთ პოზიციისგან 1/2 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის. ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულნი არიან. შალიკოს ამბავი გამიგეთ მხოლოდ, თქვენიც.

ყველანი ძალიან მადლიერნი არიან ჩემით, მგონია, ჩემი საქმეა წითელი ჯვრის მოხალისეობა და კარგი ვქენი, რომ წამოვედი! გკოცნით ბევრს. ცოტა თხილი თუ შესაძლებელია და რაიმე ტკბილეული გამომიგზავნეთ. თუ რასაკვირველია, შესაძლებელია. თავს გაუფრთხილდით, გკოცნით ბევრს! ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“- წერდა მარო მაყაშვილი.

1921 წლის 19 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა იმსხვერპლეს 19 წლის სტუდენტი, მოწყალების და მარო მაყაშვილი. ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე).

მაროსგან რამდენიმე ნივთი, ფოტო და მისი დღიური დაგვრჩა.

„ეს ჩემი ახალი ალაგია აზრების საჯღაბნად. მე იმიტომ გავაუქმე ძველი, რომ ის მეზიზღება. იქ ჩემთვის არასასიამოვნო გრძნობებია, უაზრო ფიქრები…

კარგიც ვქენი! ძველი ყველაფერი დავივიწყე და ახალ გრძნობას მივეცი თავი.“

მარო მაყაშვილი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი – ქალი იყო. იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი ჟანა დ′არკი უწოდეს.

2015 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი სახელობის ბაღი გაიხსნა. მ. მაყაშვილის პატივსაცემად ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის “დაისის” მთავარ გმირს მისი სახელი – მარო დაარქვა. იგი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები