“სამოსი სამშობლო” – თითოეული ემიგრანტის გავლილი გზა და მონატრება, ფიქრები სამშობლოზე…
რამდენიმე დღის წინ ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში, ფესტივალი “სამოსი სამშობლო” ჩატარდა. “სამოსი არ წარმოადგენს მხოლოდ სამშობლოს, ეს თითოეული ემიგრანტის გავლილი გზაა და მონატრება, ფიქრები სამშობლოზე. ქართველი სამშობლოს გარეშე არსად დადის და ჩვენი ფესტივალით ჩვენ, უბრალო ქალბატონებმა, ის ვთქვით, რომ მხრებზე გადავიტარეთ ყველა პრობლემა და კვლავ ერთად ვართ და ამ ერთობით მომავალშიც ყველაფერს შევძლებთ”, – განაცხადა “სამოსი სამშობლოს” იდეის ავტორმა, ჟურნალისტმა, ამჟამად ამერიკაში მცხოვრებმა ლელა ნინუამ. „ქართული კვირა“ დაუკავშირდა ლელას და გაესაუბრა.
ლელა ნინუა: – “სამოსი სამშობლო” ორი წლის წინ პირველად ჩატარდა და ემიგრანტები გააერთიანა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ კი მან ფესტივალის სახე მიიღო. 34 მონაწილე და სავსე დარბაზი ერთად ქართული სულის ზეიმს ჰგავდა, იმ მონატრებას, რომელმაც წლების წინ ჩამოსული ქართველები გააერთიანა. საღამო ”ბაქო პალასში“ ჩატარდა. როგორც იცით, იდეას სჭირდება ფრთების შესხმა და გუნდი. სწორედ საჭირო დროს გამოჩნდა მედსენატი, წლების წინ ამერიკაში დამკვიდრებული, წარმატებული, პირველი საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი და ახლა დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, ქართველი ბიზნესს ლედი, ქალბატონი თამარ მოსიძე თავის დასთან ერთად, რომელმაც ფრთები შეასხა იდეას და სწორედ მისი მხარდაჭერით, მონაწილეების გვერდში დგომით შედგა ფესტივალი.
ფესტივალის წასაყვანად სპეციალურად თბილისიდან მოვიწვიეთ ერთი წამყვანი, მსოფლიო კასკადიორთა გრან-პრის მფლობელი ლაშა მძინარაშვილი, რომელმაც დიდი შრომა გასწია და თვით საქართველოს პრეზიდენტის წერილიც კი ჩამოუტანა მონაწილეებს. მეორე წამყვანი კი “ჩვენ ამეროკაში “ ჯგუფის დამფუძნებელი და ყველასთვის ბევრი სიკეთით ცნობილი ქართველი, გიორგი ნიკოლაიშვილი გახლდათ.
აქვე ჟიურის წევრებსაც გაგაცნობთ:
- თამარ მოსიძე – პროეტქის “სამოსი სამშობლო“ დირექტორი;
- მომღერალი ნუცა შანშიაშვილი;
- ჯაზის მომღერალი თამრიკო დავითაშვილი, რომელიც, ამავდროულად, ნიუ – იორკის მერიასთან ერთად, ყოველ წელს, წარმატებულ ქართველებს აჯილდოებს;
- ნონა ტილი – ცნობილი საემიგრაციო ადვოკატი, რომელიც ბევრ ქართველს ხშირად უანგაროდ ეხმარება;
- ჟანეტ დადეშქელიანი – კომპანია დადეშის დამფუძნებელი(ჟიურის სპეციალური წევრი საქართველოდან);
- ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი ბატონი ვიქტორ სირელსონი, რომელმაც 28 წლის წინ ნიუ – იორკში პირველად დააარსა ქართული კულტურის ცენტრი და ყველა სხვა ცენტრებს გაუკვალა გზა. იგი უზომოდ შეყვარებულია ქართულ ფოლკლორზე და კულტურაზე, იგი საყვარელ მეუღლესთან ლიკა სირელსონ – ბახტაძესთან ერთად დღემდე ჩუმად და უხმაუროდ ემსახურება ქართულ საქმეს.
საღამოზე უკლებლივ ყველა მონაწილეს მოქანდაკე ლევან ბიჯიაშვილის მიერ დამზადებული ბრინჯაოს პრიზი გადაეცა, რომელიც პროექტის დირექტორმა თამარ მოსიძემ დააწესა. ასევე, ადვოკატმა ნონა თილიმ ბევრ მონაწილეს ფასიანი პრიზი გადასცა. სპეციალურად ამ დღისთვისასევე დაწესებული იყო პრიზი – ძვირფასი სამკაული, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორმა ლიკა სირელსონ – ბახტაძემ შექმნა. ასევე, თავად მონაწილემ დალი ხოხობაშვილმა თავისი რჩეულისთვის პრიზად უფასო ბუღალტრული მომსახურება დააწესა. მათ არ ჩამორჩა კომპანია საქართველოდან – “ქებჟერია“ და უჩა ხუბერიშვილი, რომელმაც რჩეულს გადასცა ორ კაციანი საგზური მაიამიში. რაც შეეხება გრან-პრის – “ქართლის დედა“ მხატვარ დიზაინერმა მეირ შავიტმა დაამზადა.
ყველას დიდი მადლობა ვინც მობრძანდა და დაგვაფასა, მადლობა კომპანიებს “ფაფანაკი“, “დადეში შავდია“, დიზაინერს მეგი გაბუნიას, მაღაზია “ქართულიას”, კომპანია “ქართველს”, “კაფე ჯის” და მაია წულაიას, კომპანია “ეკოსს“, მხარდაჭერისათვის მადლობა მეუფე საბას და დედაოებს, საკონსულოს. მადლობა გიორგი ალთუნაშვილს და მიშო ყანდარელს, დიჯეი გიგას რომელმაც ფესტივალის მეორე განყოფილებაში მოწვეული სტუმრების განწყობისთვის იზრუნა”.
ფესტივალს ბევრი ცნობილი ადამიანი უჭერდა მხარს. მათ შორის იყვნენ ნანი ბრეგვაძე და ხვიჩა კვარაცხელია. საღამო ყველასათვის საყვარელმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა გახსნა, ამერიკელი სტუმრები კი ქართული ქორეოგრაფიით ანსამბლმა “ელვა“ გააოცა.
სიმბოლურ პოდიუმზე ყველა ასაკის თაობა გამოვიდა, რას ნიშნავს “სამოსი სამშობლო” და როგორ აღიქვამენ მას ქართველი ემიგრანტები ამაზე თავად საღამოს მონაწილეები გვიამბობენ:
ეკატერინე მინდაძე: – “სამოსი სამშობლო” მუდმივი, გაუხდელი და შეუცვლელი სამოსია სულისა და სხეულის. ფესტივალის იდეამ ისე აღმაფრთოვანა. რომ მიზნად დავისახე მომესწრო ლამაზად წარმომეჩინა ჩემი მონატრება და სიყვარული სამშობლოს მიმართ. პირდაპირ ავენთე და ჩემი ხელოვნება დამეხმარა წარმოსახვაში მოვფერებოდი ჩვენს მიწა-წყალს.
ლიკა მურჯიკნელი: – ჩემს კაბაზე წარმოდგენილი იყო ძველი თბილისის აპლიკაციები, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულია, ძველი თბილისი როგორც თბილისის საწყისი, ასევე დიდი ცვლილების საწყისი ჩემს ცხოვრებაში… საღამო იყო მართლაც რომ ისტორიული თავისი მასშტაბით… მე ლელა ნინუას პირადადაც ვუთხარი და აქაც გავიმეორებ, მან გამოგვაცოცხლა, შემოგვძახა… ჰეი გოგოებო აბა გამოცოცხლდით, ვანახოთ ყველას რა მაგრები, ლამაზები და კრეატიულები ვართ…
მარი მღებრიშვილი: ამერიკაში უკვე 11 წელია ვიმყოფები. როგორც ხედავთ ვცდილობთ არ ვიყოთ დაჩაგრული ქალები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ვიცხოვროთ ადამიანურად ამ დალოცვილ ქვეყანაში. მადლობა ამერიკას ყველაფრისთვის რაც კი შემაძლებინა, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ვერ გადმოვცემ ისე მენატრება ჩემი სამშობლო… მე გავიტანე ჩემი ულამაზესი ქვეყნის დროშა, რომელიც იმდენად ლამაზია თავი პრინცესა მეგონა. უბედნიერესი ვიყავი. მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია.
მაკა ბაშარული: – ჩემთვის დასახელება “სამოსი სამშობლო”, პირველ რიგში, ჩემი ულამაზესი ქვეყნის მონატრებას უკავშირდება. როდესაც ეს სიტყვები პირველად გავიაზრე, მივხვდი რომ სამშობლო ის სამოსია, რომელიც არასოდეს უნდა გავაფერკმთალოთ, ის არასოდეს ხუნდება …
შორენა მოსიძე: – “სამოსი სამშობლო” ჩემთვის შესამოსელზე მეტ დატვირთვას ატარებს. ჩვენ უცხო მიწაზე ჩვენი ადამიანობით, ჩვენი მოღვაწეობით წარმოვადგენთ სამშობლოს სახეს. ამიტომ სამშობლოს სიყვარულით შემოსილი ემიგრანტები, ვცდილობთ მოკრძალებით და სიყვარულით ვატაროთ ეს ტიტული და მუდამ ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე.
მარინე ძაგნიძე: მე ვარ ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. ვმუშაობ ნიუ-ჯერსიში ATlantic Health Centra state Hospital -ში Nursing Supervisor-ად. 30 წელია მედიცინის მუშაკი ვარ და თეთრი ხალათი არის ჩემი სამოსი, ჩემი სიამაყე და ჩემი სუპერშესაძლებლობების სიმბოლო. პროექტშიც ჩემი უიფორმით ვიყავი. მიმაჩნია, რომ ღონისძიებამ წარმატებულად ჩაიარა. გამაცნო ემიგრაციის ახალი სახეები. ისტორიული ფურცელი ჩაიწერა ჩვენი ემიგრაციის ცხოვრებაში. ეს ტრადიცია უკვე დაფუძნდა და გაისად ის უფრო მასშტაბურად და გრანდიოზულად ჩაივლის. მიხარია, რომ ჩემი 91 წლის გონიერი დედა ესწრებოდა ზეიმს. ის საკმაოდ აქტიურია სოციალურ მედიაში და დამსახურებულად შეარქვეს ამერიკელი ემიგრანტების დედა. მალე საქართველოში მივემგზავრები და დედას აუცილებლად შევუკერავ ქართულ ტრადიციულ სამოსს და გპირდებით, რომ გაისად აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას დედასთან ერთად ამ პროექტში. მომავალ შეხვედრამდე, მეგობრებო.
მანანა ცისკაძე: – ცხოვრებაში ისიამოვნე პატარა რაღაცით იმიტომ, რომ როცა გააანალიზებ მიხვდები, რომ ძალიან დიდი ყოფილა თურმე. აი ასე შევაფასებდი მე ამ საღამოს. რა დამამახსოვრდა, რას გამოვყოფდი ყველაზე მეტად?- უდიდესი გრანდიოზული სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, დახმარება, შემართება, მოწონება, გამხნევება, აი ასეთი, ხელით ნარჩევი, ყველა ასაკის და პროფესიის ადამიანი გააერთიანა ლელა ნინუამ “სამოსი სამშობლოს”ქვეშ და გამოაცოცხლა ქართველების უმრავლესობა. ეს წყაროს წყალივით იყო ბევრი ჩვენგანისათვის.
იონიდა ქურუში, ფესტივალის გრან-პრის მფლობელი: – “სამოსი სამშობლო” არის სიმბოლო იმის, რაც შენმა სამშობლომ მოგცა – ქვეყნის წარსული, კულტურა, ადამიანის ხასიათი, ჩაცმულობა, ზრდილობა, ბუნება და ის ყველაფერი რითაც ქართველი ხალხი, როგორც ერი ამაყობს და იმოსება. ამ შემთხვევაში ეს ჩემთვის თვითონ საქართველოა. ჩემთვის საქართველო ჩემს ფესვებს ნიშნავს და ყოველთვის ვამბობ რომ ვარ ამაყი, რომ ქართულ ალბანური სისხლი მაქვს და ეს დედაჩემის დამსახურებაა, რომ ორივე გენი და კულტურა შემინარჩუნა.
ლუიზა ჩოჩია: – ჩემთვის “სამოსი სამშობლო” წარმოადგენდა სამშობლოს სიყვარულს, მონატრებას და ქართულ ადათ-წესებს. ამ პროექტს შევაფასებდი საუკეთესოდ და ახლო მომავალში უფრო მეტ წვლილს შევიტანდი და ისევ მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ჩვენი სამშობლოს სიყვარული სადაც არ უნდა წავიდეთ თან უნდა ვატაროთ და დავანახოთ მსოფლიოს.
ხათუნა ფილაური: – “სამოსი სამშობლოს” წარმოთქმისას ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი ქვეყანაა, მთლიანი და ერთიანი. თავისი ტრადიციებით და წარსულით, დაბრუნებული ტერიტორიებით და ბედნიერი მომავლით. სამოსი სამშობლო არასოდეს არ უნდა გავაფერმკრთალოდ, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ფესვები უცხო მიწაზეც კი. მე მეცვა ჩემი საკუთარი სამხედრო ფორმა, რომელიც ძალიან მიყვარს და მეამაყება. არ დამავიწყდება დარბაზში შესულს ფეხზე წამომდგარი საზოგადოება, რომლებიც ტაშს მიკრავდნენ და მამხნევებდა. სწორედ ამ დროს ხვდები, რომ ტყუილად არ გიცხოვრია და ქვეყნის სამსახურში ტყუილად არ ყოფილხარ.
დონარა გვრიტიშვილი: ჩემთვის პროექტის სახელწოდება – “სამოსი სამშობლო” უდიდეს ემოციურ იმპულსს ატარებს. ის ჩემს ყველაზე მგრძნობიარე და მტკივნეულ სიმებს ეხება და გარეთ კი ცრემლებად გადმოიღვრება ხოლმე. ეს ის ცრემლებია, რომელიც შენში ისე ძალუმად აზვირთებულა, რომ ყველგან და ყოველთვის გახსენებს, ვინ ხარ, საიდან ხარ, ვისი გორისა ხარ და სად არის შენი ფესვები! ვინაიდან ბედისწერამ ემიგრანტის სტატუსით შეცვალა ჩემი ცხოვრება, ფიზიკურად ფესვებს მოწყვეტილი, ყველგან და ყველაფერში სამშობლოს დავეძებდი. აუტანელი იყო სულის ტკივილი. გამოსავლის ძებნაში და მძიმე სენთან ბრძოლაში გამარჯვებული, წითელი კაბით შევიმოსე, საქართველოს ულამაზესი ბაირაღი მხარზე მივიკინძე და “სამოსი სამშობლოს” საღამოზე, ბედნიერმა, ჩემ საყვარელ ქართველებთან ერთად, სულის ზეიმი ვიზეიმე. დაუვიწყარი იქნება ჩემთვის ეს საღამო რადგან განა აღმოვაჩინე, განა მივხვდი, უბრალოდ ვიგრძენი სამოსი სამშობლო, ვიგრძენი და შევიგრძენი რომ სამშობლო მეცვა სულში, ჩემს გულში, რომელიც ასე ძალუმად ფეთქავდა, ჩემს გონებაში რომელიც ბედნიერებისგან ანათებდა და თურმე სულ თან დავატარებდი!
ლეილა ქურციკიძე: 9 წელია ამერიკაში ვიმყოფები. ვარ აქსესუარების დიზაინერი, ვხატავ, ხშირად მაქვს ჩვენება, გამოფენა. “სამოსი სამშობლო” ჩემთვის ქართული კულტურის წარდგენას ნიშნავს. ფესტივალში ჩემ შვილიშვილთან ერთად ვმონაწილეობდი, ვფიქრობ საინტერესოდ და ლამაზად გამოვედით.
დაკო ჩიხლაძე: – “სამოსი სამშობლო”, რომელიც ნიუ – იორკში ჩატარდა, სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულებაა, რაც ჩვენი ჩაცმულობით გამოვხატეთ. ემიგრანტების მიმართ ძალიან დიდი პრეტენზია ნურავის ექნება, რაც შეუძლიათ თავისი შრომით გვერდში უდგანან ქვეყანას. ღონისძიება შედგა, წინ ახალი წარმატებებისკენ.
ხათუნა გარდავა: – არასოდეს დამავიწყდება თვალებგაბრწყინებული ქართველი ემიგრანტების სახეები. ყველა ერთმანეთს ეფერებოდა, ესიყვარულებოდა, უზიარებდა შთაბეჭდილებებს… არც თუ ისე ადვილი იყო ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება, მაგრამ ნიუ – იორკის ქართულმა ემიგრაციამ ამას თავი ბრწყინვალედ გაართვა. ეს არის ჩვენი, ამერიკის ქართული ემიგრაციის ისტორიის ნაწილი. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენს მომავალ თაობას აუცილებლად უნდა დაუტოვოთ ლამაზი და ღირსეული წარსული.
მარიამ ტარუღიშვილი: – “სამოსი სამშობლო” ჩემთვის საოცარ ემოციებთან იყო დაკავშირებული. რაღაც პერიოდი თითქოს ჩემს სამშობლოში დამაბრუნა. ამხელა აუდიტორის წინაშე ჩემი გამოსვლა პირველი იყო და ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ ამდენი ხალხის სითბომ და სიყვარულმა სულ გამიქარწყლა ყველაფერი და შემდეგ უკვე მყარად და ამაყად ვიდექი.
ლეილა მჭედლიშვილი: – ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე იყო, ჩვენი ქალების სილამაზის გამოფენა, მომავალში მე კიდევ მივიღებ მონაწილეობას, რათა კიდევ ერთხელ ვიხილო ქართველების ერთად ყოფნა.
ქალბატონი ლეილა პროექტის უხუცესი მონაწილე იყო, ყველაზე პატარები იყვნენ “საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების” ჩოხოსანი, 7 წლის ლუკა დუნდუა და 3 წლის ლიზი ზაქაიძე, რომელიც მხოლოდ ერთხელ არის საქართველოში ნამყოფი და მიუხედავად ამისა ყველა ქართული ასო იცის და კითხულობს.
პროექტში მონაწილეობდა ერთი მამაკაცი – მალხაზ მაისაშვილი, ცნობილი შეფი, რომელმაც ამერიკაში პირველი ქართული საწარმო გახსნა, სადაც ქართული პროდუქტები მზადდება. იგი ხშირად ატარებს მასტერკლასებსაც.
ასე დასრულდა საღამო და სამშობლოს მონატრებული ემიგრანტები ერთი წლით დაგვემშვიდობენ.