ლაშა ბექაურმა გამარჯვება რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნა
უნგრეთის მასტერსის მესამე და დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დარჩენილ სამივე – 90, -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა, ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) კი ქართული ფინალი შემოგვთავაზეს.
ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ფინალამდე ბრიტანელი, აზერბაიჯანელი და იტალიელი მეტოქეები დაამარცხა, ლუკა მაისურაძემ კი, რომელიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია – ყაზახი და უზბეკი მოწინააღმდეგეები. ქართულ ფინალში ბექაურმა ოქროს ქულით გაიმარჯვა და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა. ლაშა ბექაურმა გამარჯვება რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნა
კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე დადგა მაისურაძე. გავიხსენოთ, რომ დაახლოებით სამი თვის წინ ბექაური და მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ წარმატებას მაისურაძემ მიაღწია.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანმა ილია სულამანიძემ (-100 კგ). ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა, რომელმაც მედლისთვის შეხვედრაში იაპონელ კოკორო კაგეურასთან წმინდად გაიმარჯვა.
ერთი დღით ადრე ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს გამოსვლა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ).
საქართველოს ნაკრებმა უნგრეთის მასტერსზე მოპოვებული 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით ვაჟთა ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ქალთა და კაცთა საერთო ჩათვლაში კი – მესამე.
უნგრეთის მასტერსის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგი განახლდა:
90 კგ-ში პირველ მეორეს ადგილებს მაისურაძე-ბექაური იყოფენ.
ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი და გელა ზაალიშვილი რეიტინგში დაწინაურდნენ