რა ერქვა ადრე შოვს და ვინ იყო ამ კურორტის დამაარსებელი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს

შოვი მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1520 მეტრზე, ონიდან 30 კილომეტრში.

შოვი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, სადაც არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6 °C) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16 °C). იქ არის ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები, ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება — ივნის-ოქტომბერში.

შოვში კურორტის დაარსების მოთავე ექიმი შამშე ლეჟავა ყოფილა. იგი ადრიდანვე დაინტერესებულა საკურორტო საქმით. შამშე ლეჟავამ სამედიცინო განათლება მიიღო ვენის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა 1905-1910 წლებში. ევროპაში ყოფნისას მან შეისწავლა კურორტები: ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი, ვალენზეე, აუსზეე და სხვები. მას მიზნად დაუსახავს, მშობლიურ რაჭაშიც შეექმნა მსგავსი დონის კურორტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე შამშე ლეჟავა ადგილის შერჩევას შეუდგა და ამისთვის ყველაზე შესაფერისად შოვი მიიჩნია.

კურორტის მოწყობაც XX ს-ის 20-იან წლებში დაიწყო. 1925 წელს საძირკველი ჩაეყარა შოვის პირველი სანატორიუმის მშენებლობას. აშენდა ულამაზესი შენობები – სანატორიუმი, სასტუმრო, ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი.

1929 წელს, კურორტი შოვი (შამშოვი) გაიხსნა.

დიახ, კურორტს თავიდან შამშე ლეჟავას პატივსაცემად “შამშოვი” დაერქვა, ხოლო რეპრესირების შემდეგ ”შამ” მოაშორეს და ”შოვი” დარჩა.

ხოლო მისი დამაარსებელი შამშე ლეჟავა დააპატიმრეს 1937 წლის 25 ივნისს და ბრალად წარუდგინეს მემარჯვენე კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მოღვაწეობა. წინასწარი გამოძიების მსვლელობისას, ბრალდებულმა ლეჟავამ მისთვის წაყენებულ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო და მისცა ჩვენება, რომ კონტრრევოლუციურ საქმიანობაში 1928 წლიდან ჩაითრია საქართველოს მემარჯვენე კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საქ. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა მდივანმა, მამია ორახელაშვილმა.

იგი 1937 წლის 20 სექტემბერს დახვრიტეს.

მისი რეაბილიტაცია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 09.05-1956 წლის განჩინებით №4н-04096/56 მოხდა, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის განაჩენი გაუქმდ და საქმე შეწყდ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები