„იცნობდეთ, ეს არის საქართველოს ამომავალი მნათობი!“
ასეთ გალაკტიონს იცნობთ?
“…როგორც წერა-კითხვა, ისე ნაოსნობა, ცურვა, მეთევზეობა, არ მახსოვს, როდის ვისწავლე.
კუნძული „მეფის ჭალა“, რომელიც ჩვენს სახლს ეკვროდა, იყო ჩემი საყვარელი ადგილი. კუნძულს გარს უვლიდა რიონის ორი ტოტი, ერთი ჩქარზე-უჩქარესი, მეორე დინჯი, აუჩქარებელი.
ორივე რიონი ძალიან მიყვარდა; განსაკუთრებით ზაფხულობით – აქ ვკითხულობდი შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას წიგნებს… დიკკენსს, ბაირონს, შელლის, მიუსსეს, შატობრიანს, რუსსოს, ტოლსტოის, პუშკინს, ლერმონტოვს.
8 წლისა გადამიყვანეს ქ. ქუთაისში, იქ ვცხოვრობდი ანდრო წერეთლის სახლში. ვსწავლობდი საშუალოდ, მაგრამ მასწავლებლები კარგად მეპყრობოდენ მაინც, როგორც ახალგაზრდა მგოსანს (როდის დავიწყე წერა ლექსების, მოთხრობების, რომანების, არც ეს მახსოვს).
მე მქონდა ძალიან კარგი, უდარდელი ბავშობა.
1908 წელს ტფილისში ჩამოსვლისთანავე ოცამდე დიდი პოემით, რამდენიმე ასეული ლექსით, რომანებით, დრამატიული ნაწარმოებით მიმაქვს იერიშები ყველა რედაქციებზე.
რედაქტორებისაგან ყველაზე გულწრფელად, განსაკუთრებული ყურადღებით მეპყრობა ლადო დარჩიაშვილი: მან წარმადგინა თავის ჟურნალის თანამშრომლებთან სიტყვებით:
„იცნობდეთ, ეს არის საქართველოს ამომავალი მნათობი!“
გახარებულმა იმავე დღეს შევიარე გაზ. „ამირანი”-ს რედაქციაში: მანდილოსანი, რომლის გვარი შემდეგ გავიგე, გადამეხვია. იგი აღელვებული ამბობდა: თქვენ, ასეთი ახალგაზრდა, როგორა სწერთ ასეთ ლექსებს!
1908 წელს, როდესაც ჩემი პირველი ლექსი დაიბეჭდა, ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა რაღაც ახალი, მე მეჩვენებოდა, რომ სადღაც გაიღო კარები და მე ვიწრო და ბნელი საკანიდან ამოვედი თავისუფალ ასპარეზზე და ყველგან, სადაც კი თვალი გასწვდებოდა, იყო მზე, მოძრაობა და სინათლე…
ჩემი პირველი ორი ლექსი ერთსა და იმავე დღეს დაიბეჭდა და ეს იყო ყველაზე უკეთესი და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში.
ამ დღიდან მე ვიბეჭდებოდი თითქმის ყველა გაზეთებში და სულ მალე გადავიქეცი პირველი ქართული სიტყვაკაზმული ჟურნალის „ფასკუნჯის“ ძირითად თანამშრომლად.
შემდეგ არ გამოსულა არც ერთი ჟურნალი და გაზეთი, რომ მე არ მეთანამშრომლოს.
/გალაკტიონის ავტობიოგრაფიიდან/
ფოტო: გალაკტიონ ტაბიძე. 1914 წელი.