შოთა ბაჩოშვილი და მერაბ სამადაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულები არიან
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრებო დღეს საქართველოს ჰიმნი პირველად აჟღერდა. მარიბორის ლუკნას დარბაზში, სადაც ძიუდოისტები ასპარეზობენ, უმსუბუქესი წონის წარმომადგენელი შოთა ბაჩოშვილი (-50 კგ) და მერაბ სამადაშვილი (-55 კგ) ჩემპიონები გახდნენ.
შოთა ბაჩოშვილი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან შეუდგა. იპონით დაამარცხა რუმინელი მოწინააღმდეგე, ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანელ მეტოქესთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბელგიის წარმომადგენელი აშხაბ ისაიევი იპონით დაამარცხა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.
საქართველოს გუნდს მეორე ოქროს მედალი მერაბ სამადაშვილმა (- 55 კგ) შესძინა. მომავალი ჩემპიონი ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაება. იპონით დაამარცხა სომეხი სპორტსმენი, შემდეგ ორი ვაზარით მოუგო მოლდაველ მეტოქეს, წმინდა გამარჯვება ჰქონდა აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთანაც, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი იპონით იზეიმა გამარჯვება იტალიელ ემილიანო ლატანზისთან.