გრიგოლ ტატიშვილი – პირველი ქართველი გრავიორ – ქსილოგრაფი
„ხელოვანი ამომჭრელი სურათებისა და ქართულის ასოებისა ხეზედ“ – ასე მოიხსენიებდა ქართული პრესა გრიგოლ ტატიშვილს, რომელიც პირველ ქართველი გრავიორ – ქსილოგრაფად მიიჩნევა.
სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის პარალელურად, პროფესიული ცოდნის გამოყენებით, ტატიშვილი კერძო წამოწყებებითაც ცდილობდა შემოსავლის მიღებას:
„ბატონს გრიგოლ ტატიშვილს, რომელიც ცნობილია, როგორც კარგი ამომჭრელი ხეზედ სურათებისა, სახიანის ასოებისა და სხვა ამისთანებისა, დაუმზადებია ძვირფას ფერადებით სახე შოთა რუსთაველისა, ესე ქართულ ორ აბაზიანის ოდენა და ჩაუსხავს ოქროსა და ვერცხლის ასახდელ ბუდეებში, რომელიც ოქრო-მჭედლისათვის გაუკეთებინებია. ასეთი სურათები ბრელოკებათ და ბროშკებად არის სახმარი. შოთა რუსთაველის სახის გარდა, გაუკეთებია აგრეთვე ბრელოკ-ბროშკებად და გულის ქინძისთავებისათვის სახე თამარ-მეფისაცა. ყოველ ამის ნახვა და, ვგონებთ, ყიდვაც შეიძლება არწუნისეულ ქარვასლაში, „წერა-კითხვის საზოგადოების წიგნის მაღაზიაში“, – აუწყებდა მკითხველებს გაზეთი „ივერია“.
საგულისხმოა, რომ ტატიშვილი მუშაობდა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართულ პროექტზე, „სურათებიან ვეფხისტყაოსანზე“. საუბარია მიხაი ზიჩის ნახატებით გაფორმებულ წიგნზე, რომელიც წარმატებული ქართველი მეწარმის და მეცენატის, გიორგი ქართველიშვილის თაოსნობით 1888 წელს გამოიცა.
სწორედ ტატიშვილის სასახელოდ იყო ნათქვამი:
„ჩვენ ვნახეთ ეს მდიდრულად დაბეჭდილი სურათებიანი „ვეფხის-ტყაოსანი“ და უნდა ვსთქვათ, რომ ამისთანა ლამაზსა და კარგს სანახავს იშვიათად შეხვდება კაცი… ასო-მთავრულები მეტად ლამაზები და ხელოვნებით ნაკეთებია, არშიები ქართულის ჩუქურთმის გემოვნებაზეა შეფარდებული…“.
გრიგოლ ტატიშვილი / „სახალხო გაზეთი“, სურათებიანი დამატება, 1911 წ.