მწერალთა სახლში ჰანა არენდტის წიგნის „აიხმანი იერუსალიმში“ წარდგენა გაიმართება
12 ივლისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლი და გამომცემლობა „დიოგენე“ ჰანა არენდტის წიგნის „აიხმანი იერუსალიმში“ წარდგენაზე გიწვევთ.
1960 წლის 11 მაისის საღამოს ნაცისტური რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ადოლფ აიხმანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არგენტინაში იმალებოდა, ისრაელის დაზვერვის სამსახურმა ბუენოს-აირესის გარეუბნიდან გაიტაცა. აიხმანი ისრაელში ჩაიყვანეს, სადაც იგი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლდა. ბრალდებულს სიკვდილი მიესაჯა.
გერმანული წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, ჰანა არენდტი (1906-1975), პროცესს ესწრებოდა, როგორც ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ კორესპონდენტი. მისი წიგნი „აიხმანი იერუსალიმში – ანგარიში ბოროტების ბანალურობაზე“, XX საუკუნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად ითვლება.
ავტორსა და წიგნზე ისაუბრებენ მთარგმნელი თამარ ლომიძე და ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.
წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭერით.