მარიამ მურღვლიანმა 3 მედალი მოიპოვა და ევროპის რეკორდი დაამყარა

მოლდოვაში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მარიამ მურღვლიანმა (81 კგ,)   სამი მედლით, ასევე ევროპისა და საქართველოს რეკორდებით დაასრულა.

ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში  95 / 100 / 103 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ასევე ევროპის რეკორდი დაამყარა.

მარიამის დაძლეული წონა სარეკორდო იყო საქართველოშიც. ძალოსანმა ქვეყნის რეკორდი (U17) და დიდებში 1 კილოგრამით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც მარიამს ეკუთვნოდა.

მურღვლიანმა აკვრაში თავი  117 / 121  კილოგრამს გაართვა და  ვერცხლის მედალს დაეუფლა, ასევე ვერცხლი ერგო ორჭიდში მოგროვილი 224 კილოგრამითაც.

რაც შეეხება ლუკა სილაგაძეს, მან ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 89 კგ. წონით კატეგორიაში თავის სადებიუტო საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მიაღწია.

ძალოსანმა  მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 119 / 123 / 129 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

სილაგაძემ აკვრაში თავი გაართვა 142 კილოგრამს და მე-5 ადგილზე გავიდა, ორჭიდში მოგროვილი 271 კილოგრამით კი მე-4 საფეხური ერგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები