1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ანდერძი დაწერა
1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ნოტარიუსს ილია წინამძღვრიშვილის კანტორაში ანდერძი დაწერა.
ანდერძის თანახმად, პოეტის მთელი უძრავ-მოძრავი ქონების მემკვიდრედ მისი მეუღლე – ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი – ცხადდებოდა, თავად ქვრივის გარდაცვალების შემდეგ კი მისი მამაპაპეული ქონება კანონიერი მემკვიდრეების ხელში გადადიოდა, ხოლო შეძენილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრება უნდა გამხდარიყო.
1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილ ანდერძში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონება იყო: უძრავი ქონება – სოფლის მამული საგურამო-წიწამურში (552 დესეტინა) და ქვითკირის სახლი თბილისში, ანდრიას (ანდრეევის) ქუჩაზე; მოძრავი ქონება – სახლის მოწყობილობა, ავეჯი, სურათები, ძვირფასი ბიბლიოთეკა და კერძო მიწერ-მოწერა. სასამართლოს ბოქაულის მიერ შედგენილი მოძრავი ქონების სია მოანდერძის მეუღლეს ჰქონდა მიბარებული. უძრავ-მოძრავი ქონება თავის დროზე ოლღა ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში გადავიდოდა.
ილიას მკვლელობის შემდეგ, ოლღამ უარი განაცხადა მიღებულ მემკვიდრეობაზე და კუთვნილი ქონება სიცოცხლეშივე ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას გადასცა, ხოლო თვითონ მთაწმინდის უბანში გადავიდა. 1927 წელს „საზოგადოების“ საბოლოო ლიკვიდაციის შემდეგ, ილიასეული ნივთები მწერალთა კავშირს გადაეცა. ამავე წლის აპრილში გარდაიცვალა ოლღა და მის ბინაზე დაცული საოჯახო ნივთები საისტორიო მუზეუმმა ჩაიბარა.