თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ელისე პატარიძის პირადი არქივის ნაწილი გადაეცა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის ელისე პატარიძის პირადი არქივის ნაწილი გადმოეცა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა ჩამოიტანა.
არქივი, ქართულ მხარეს, ელისე პატარიძის შვილების: ოთარ და თინათინ პატარიძეების გადაწყვეტილებით გადაეცა.
საარქივო მასალა მოიცავს ქართველი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის სტატიებს, მოხსენებებსა და პუბლიკაციებს, რომლებიც ქართველი საზოგადოებისთვის, დღემდე უცნობი იყო. არქივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში განთავსდება.
შეხვედრას თსუს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, ელისე პატარიძის შვილთაშვილი და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ.