ის ომამდე ემსხვერპლა ომს – კეფით შეეგება მტრის ჭურვის ანასხლეტს…
ის ომამდე ემსხვერპლა ომს – კეფით შეეგება მტრის ჭურვის ანასხლეტს… გმირულად დაეცა ავნევთან… მის მშობლიურ სოფელში უკვე რუსი იდგა, როცა რამდენიმე კაცი მიასვენებდა მის ცხედარს… ვიტალი თაყაძე გორის რაიონში, სოფელ ხელთუბანში დაიბადა 1978 წლის 28 ივნისს. მშობლებისთვის პირველი შვილი იყო, ბებია-ბაბუებისთვის – პირველი შვილიშვილი და ათამამებდნენ.
ვიტო სკოლაში კარგად სწავლობდა, მასწავლებლებიც აქებდნენ – ნიჭიერი ბიჭიაო. მერე ჯარში გაიწვიეს, სავალდებულო სამსახური ახალციხეში გაიარა.
ნანა ხარტიკაშვილი, დედა: „ჯარიდან რომ დაბრუნდა, ერთი წელის შემდეგ კონტრაქტით წავიდა, კოსოვოში წაიყვანეს, იქ რვა თვე იმსახურა, კონტრაქტი სამწლიანი იყო, მაგრამ წელიწად-ნახევარში ნაწილი დაიშალა და შინ დაბრუნდა. ჯარისკაცურ ცხოვრებას უკვე ისე იყო მიჩვეული, შინ ვეღარ ჩერდებოდა და გული ისევ ჯარისკენ მიუწევდა. 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თავიდან ვაზიანში მსახურობდა, შემდეგ გორში გადმოიყვანეს, კაპრალი იყო… ამბობდა, ამ კონტრაქტს რომ ვადა გაუვა, 12-წლიანი კონტრაქტით უნდა დავრჩე ჯარშიო. დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა…“
შინიდან ბოლოს პირველ აგვისტოს გავიდა.
ახლად ნაყიდ მიწის ნაკვეთში თივას აწნეხინებდა, რომ დაურეკეს და უთხრეს, საგანგაშო ვითარებაა, ნაწილში დაუყოვნებლივ გამოცხადდიო.
„სოფელში საშინელი ხმები დადიოდა, ვიღუპებით, ყველაფერს ააოხრებენ რუსებიო… ვიტო ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებდა, დატოვეთ სოფელი და წადით ახლავეო. ძალიან აღშფოთებული და აღგზნებული ყოფილა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა თურმე. იქნება გულიც უგებდა..
7 აგვისტოს, შუადღისას, დაიღუპა ვიტო… მათი ნაწილი ავნევში იყო და მტერმა პირველი იერიში მათზე მიიტანა. თურმე მთელი დღე იგერიებდნენ მტრის შემოტევას, მერე რაღაც პერიოდი ჩაწყნარებულა სიტუაცია, სანგრებში ყოფილან, თვითონ ჩაფხუტი არ ეფარა და სხვებს აფრთხილებდა, თურმე, არავინ მოიხადოთო… ჭურვის ანასხლეტმა იმსხვერპლა, კეფაში მოხვდა, ჩაფხუტი რომ ჰფარებოდა, ეგებ გადარჩენილიყო კიდეც… რომ წაქცეულა, ყველა ვიტოს მივარდნია, გონზე ყოფილა, ძლივს ამოულუღლუღია, აქ არ დამტოვოთ, ბიჭებოო… ეს იყო მისი ბოლო სიტყვები… გრძნობდა, რომ კვდებოდა და არ უნდოდა იქ დარჩენილიყო. არაფერი არ ვიცოდი, ყველაზე ბოლოს მე გავიგე. არ მეუბნებოდნენ…
სოფელში საშინელი სიტუაცია იყო, ყველა აქეთ-იქით გარბოდა, სოფელი იცლებოდა და მე მკვდარ შვილს დავტიროდი… მეორე დღეს უკვე ომი დაიწყო და სოფელში კაციშვილი აღარ დადიოდა. სამშაბათს უნდა დაგვეკრძალა, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, ვეღარ გავაჩერეთ, მესამე დღეს დავკრძალეთ, სოფელში უკვე რუსი იყო შემოსული, დედა მოუკვდეს, უკანასკნელ გზაზე სულ რამდენიმე ადამიანმა გააცილა… ვიტოს კლასელები გვერდიდან არ მოგვცილებიან, იმათ გაუთხარეს საფლავი, თითო ჭიქით შესანდობარი თქვეს და დავკრძალეთ.“
ვიტალი თაყაძე ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით