ნოდარ დუმბაძის IV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი ნოდარ მაჭარაშვილის „ავი მუსაიფი“ გაიხსნება
5-15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის IV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც სიმბოლურად ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის, ნოდარ მაჭარაშვილის ისტორიულ-მხატვრული ჟანრის სათავგადასავლო რომანის ინსცენირებით „ავი მუსაიფი“ გაიხსნება. სცენური ვერსიისა და ინსცენირების ავტორი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გახლავთ.
ნოდარ მაჭარაშვილის ისტორიული რომანი „ავი მუსაიფი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ტრაგიკული ბედის მქონე მეფის, ერეკლე II-ის ცხოვრებასა და პოლიტიკურად რთულ ეპოქას ეხება, რომელშიც მას მოუწია ცხოვრება. ეს ამ ისტორიულ-მხატვრული ჟანრის რომანის გასცენიურების პირველი მცდელობაა ქართულ თეატრში. სპექტაკლში აღწერილია ერეკლე II-ის ეპოქის ისტორიული პერიპეტიები, რომელშიც გარკვეულწილად ირეკლება თანამედროვე საქართველოს ურთულესი სინამდვილეც; სიყვარული და სიძულვილი, ერთგულება და ღალატი, იმედგაცრუება და რწმენა, ომი, ბრძოლა და ინტრიგები, სამშობლოსთვის თავდადება, ზნეობა და მარადიული ფასეულობები.