სულიწმიდის მოფენა, სულთმოფენა — ქრისტიანული საუფლო დღესასწაული

სულთმოფენობის დღესასწაული აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს. ძველ აღთქმაში პასექი ებრაელების ეგვიპტელთა მონობისაგან გამოსვლას აღნიშნავდა, ხოლო პასექიდან ორმოცდამეათე დღეს აღინიშნებოდა ღმერთის მიერ მოსესთვის სჯულის – სინას მთაზე ათი მცნების მიცემა. და როგორც ახალ აღთქმაში პასექი გახდა ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის ზეიმი, ადამიანთა „გამოსვლა“ ცოდვილი სამყაროდან ღვთის სასუფეველში, ასევე, ორმოცდამეათე დღის დღესასწაული გახდა „ახალი სჯულის“ მოცემის, ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმინდის გარდამოსვლის ზეიმი:

„და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად …“ (საქმე მოციქულთა, 2:1-4).

მოციქულებმა ძალა „ზემოდან“ მიიღეს და დაიწყეს ქადაგება და მოწმობა იესოზე, როგორც აღმდგარ ქრისტეზე, მეუფესა და უფალზე დამოწმება. ამ მომენტს, ჩვეულებისამებრ, ეკლესიის დაბადებას უწოდებენ.

დღესასწაულის ღვთისმსახურებაში სულიწმინდის გარდამოსვლა აღინიშნება ადამიანებისთვის წმინდა სამების გამოცხადებასთან ერთად, რადგან სულიწმინდის ადამიანებზე გარდამოსვლით ვლინდება ღმრთების სისავსე, მისი თვითგანცხადება და თავდადება თავისი ქმნილებისათვის. მართლმადიდებლურ გარდამოცემაში სულთმოფენობას ხშირად სამებობასაც უწოდებენ და ამ დღეს ტაძრის ცენტრში აბრძანებენ წმინდა სამების ხატსაც, რომელზედაც წმინდა სამება გამოსახულია სამი ანგელოზით, რომლებიც მამამთავარ აბრაამს გამოეცხადნენ. სულიწმინდის გარდამოსვლის კანონიკურ ხატზე კი გამოსახულია თორმეტ მოციქულზე გარდამოსული ცეცხლოვანი ენები; მოციქულები სხედან ერთად, „კოსმოსი“-სამყაროს სიმბოლურ წრეზე. ესაა სწორედ „სამოციქულო“ ეკლესიის პირველი სახე.

სულთმოფენობის დღეს დასრულდა გამოხსნის საქმე, ამიტომ ორმოცდამეათე დღე ხდება დასაწყისი ახალი ერისა, რომელიც ჩვენი სამყაროს ფარგლებს გარეთ გადის. თავად ეს რიცხვი, როგორც იუდეურ, ისე ქრისტიანულ ტრადიციაში, ნიშნავს მარადიულდა ზეციურ სისავსეს: შვიდი გამრავლებული შვიდზე, პლუს ერთი.

სულთმოფენობას, ასევე, ჰქვია „აპოკალიფსური დღე“ (ე.ი. „უკანასკნელი გამოცხადების დღე“), ან „ესქატოლოგიური დღე“ (ე. ი. „სრული დასასრულის დღე”), რადგან როცა მესია მოდის და უფლის დღე ახლოვდება, დგება „უკანასკნელი დღეები“, რომელთა დადგომისას, „იტყვის უფალი ღმერთი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა“ (საქმე მოციქულთა, 2:17;115 იოილი, 3:1-4116). ამ ძველ წინასწარმეტყველებას იხსენებს პეტრე მოციქული თავის პირველ ქადაგებაში სულთმოფენობის დღეს.

ამ დღეს საღვთო ლიტურგია გვახსენებს ჩვენს ნათლობას და „სამწმიდაოს“ ნაცვლად ისევ იგალობება ნათლობის საგალობელი გალატელთა მიმართ ეპისტოლიდან. ასევე, ჩვეულებრივი ანტიფონები იცვლება დღესასწაულის შესატყვისი სტრიქონებით ფსალმუნებიდან. სამოციქულო და სახარების საკითხავი მოგვითხრობს ადამიანებზე სულიწმინდის გარდამოსვლის შესახებ. კონდაკი უგალობს უფლის მოქმედებას, რომელიც ბაბილონში ენების განყოფის საწინააღმდეგოა: სულთმოფენობას ღმერთი ხალხებს აერთიანებს სულიწმინდის ერთიანობით. ტროპარი აცხადებს, რომ მთელი ქვეყნიერება ღვთის ბადეშია მონადირებული შთაგონებული მოციქულების ღვაწლით. აღდგომის შემდეგ პირველად იგალობება ლოცვა „მეუფეო ზეცათაო“ და „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ“, მოიწვევა სულიწმინდა, „მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენ შორის“ და ცხდადდება, რომ „ზეცათა სული მოვიღეთ”. ტაძრები მორთულია ყვავილებითა და საზაფხულო მწვანე ბალახეულობით იმის ნიშნად, რომ სული უფლისა მოდის, როგორც „მომნიჭებელი ცხოვრებისა“, რათა გაანახლოს ყოველი ქმნილება.

„კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათზე და ყოვლადწმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთმოყუარე, დიდება შენდა“ (ტროპარი).

„რა ჟამს იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლო აწ რა ჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთვისცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლადწმი დასა“ (კონდაკი).

დიდ მწუხრზე სამი ხანგრძლივი ლოცვა იკითხება, რომლის დროსაც მორწმუნეები აღდგომის შემდეგ პირველად იყრიან მუხლს.

სულთმოფენობის შემდეგ პირველი ორშაბათი სულიწმინდის დღესასწაულია, „სულიწმინდის დღე“ შემდეგი კვირაკი – ყველაწმინდანის დღესასწაული. ასეთი ლიტურგიკული თანმიმდევრობა სავსებით ლოგიკურია, რადგან სულიწმინდა ვლინდება ადამიანებში მათი კურთხევით, რაც სამყაროს შექმნისა და გამოხსნის მთავარი მიზანია: „განწმიდენით და იყვენით წმიდაჲ, რამე თუ წმიდა ვარ მე, უფალი თქუენი“ (ლევიტელთა, 11:44-45; 1 პეტ. 1:15-16119).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები