მიუნხენში არსენ გომარელისა და შორენა ნოზაძის ერთობლივი გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებელს
2 ივნისს, მიუნხენში, მოზახის სამხატვრო გალერეაში გამოფენა „სინთეზი“ გაიხსნება.
„სინთეზი“ – ორი ქართველი მხატვრის, არსენ გომარელისა და შორენა ნოზაძის ერთობლივი გამოფენაა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებელს.
გამოფენაზე შეგიძლიათ იხილოთ ორი ხელოვანის საერთო და ინდივიდუალურად შესრულებული ნამუშევრები შერეული ტექნიკით, სხვადასხვა ხედვით, რომელთა შემოქმედებაც სხვა ემოციურ შეგრძნებებს გამოხატავს თანამედროვე ეპოქაში.
გერმანიაში მოღვაწე მხატვართა წყვილი არსენ გომარელი და შორენა (შერლინ) ნოზაძე ნამუშევრებს ტანდემში, განსხვავებული ხელწერით ქმნიან.
არსენ გომარელი თვითნასწავლი მხატვარია, საქართველოს გარდა, მას უკვე ჰქონდა პერსონალური გამოფენები უკრაინასა და გერმანიაში, ასევე ხშირი მონაწილეა ჯგუფური გამოფენების. შორენა 2005 წლიდან მოღვაწეობს გერმანიაში.
არსენი და შორენა მიუნხენის ქართულ საკვირაო სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევიან და მომავალ თაობებს, ემიგრაციაში მყოფ ქართველ ბავშვებს ხელოვნებას აზიარებენ.