ვეფხია ჯიშკარიანი – უგზო-უკვლოდ დაკარგული კაპიტანი
ვეფხია ჯიშკარიანი 1968 წლის 20 მაისს დაიბადა, ხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეოში. სკოლაც საწულუკიძეოში დაუმთავრებია, ცელქი ყოფილა, კარგი მოსწავლე. სკოლის დამთავრების შემდეგ პროფტექნიკუმში გაუგრძელებია სწავლა. სკოლის დამთავრებამდე კი… სიყვარული სწვევია და მალე დაოჯახებულა კიდეც.
1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 2005 წლიდან კი კონტრაქტით სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს “აგვისტოს ომის” დროს გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან. “შინდისის გმირი”. 2019 წელს გორში შინდისის გზატკეცილს “შინდისის გმირების” სახელი მიენიჭა.
ის შინდისთან ვერაგულად ჩასაფრებულმა მტერმა გამოასალმა სიცოცხლეს. მისი მძღოლი გაიხსენებს, რომ ვეფხია ჯიშკარიანმა უცებ დაიძახა „ვაი დედა“ და ბეჭზე დაადო თავი… მძღოლის ძახილზე პასუხი აღარ გაუცია. მძღოლმა მანქანა გააჩერა, მისი მანქანიდან გადმოყვანაც უცდია, მაგრამ ტანმორჩილი ბიჭი ვერ მორევია ზორბა ვაჟკაცს. აღარც სუნთქავდა უკვე… მერე მძღოლიც დაიჭრა. იძულებული გახდა მანქანაში დაეტოვებინა და ხოხვით გასცლოდა იქაურობას, უკან მოიხედა და… მანქანა, რომელშიც ვეფხია ჯიშკარიანი დარჩა, მტერმა ააფეთქა…
მანქანა ისე დაიწვა, რომ ვეფხია ჯიშკარიანის ცხედარიც არ დარჩენილა… შინდისის მიწაზე გაიფანტა მისი ფერფლი…
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.