ბათუმი რიგით მე-14 საერთაშორისო გამოფენა – EBIT 2023-ს მასპინძლობს
2023 წლის 19-21 მაისს საგამოფენო კომპანია Expo Batum-ის ორგანიზებით ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-14 საერთაშორისო გამოფენა – EBIT 2023-ს მასპინძლობს. გამოფენა ბათუმის სპორტის სასახლეში (ლადო ასათიანის ქ. N 27) გაიმართება და 19 მაისს 11 საათზე ოფიციალურად გაიხსნება. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
EBIT 2023-ის მიზანია, ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნესს კონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას იღებს 85-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება. კერძოდ: ტურისტული კომპანიები, სასტუმროები და რესტორნები, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლები, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, დაცული ტერიტორიები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, სატრანსპორტო კომპანიები, მუნიციპალიტეტები, ტურიზმის დეპარტამენტები და ასოციაციები.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და მასტერკლასი.