არქიტექტურის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნება

არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენაზე – ვენეციის ბიენალეზე, ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, საქართველო ეროვნული პავილიონით  წარდგება.

საქართველოს ეროვნულ პავილიონს ა(ა)იპ თბილისის არქიტექტურის ბიენალე წარმოაჩენს პროექტით „იანვარი, თებერვალი, მარტი“. პროექტი სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა. მისი კურატორები არიან გიგი შუკაკიძე, თინათინ გურგენიძე, ოთარ ნემსაძე.

მედიისა და დარგის სპეციალისტებისთვის არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენა 18-19 მაისს იხსნება, საქართველოს ეროვნული პავილიონის ოფიციალურად გახსნა კი 19 მაისს საღამოს არის დაგეგმილი.

ვენეციაში საქართველოს ეროვნული პავილიონის მისამართია: Il Giardino Bianco Art Space Via Giuseppe Garibaldi 1814. https://artspacevenice.it.

არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენა ვენეციაში მიმდინარე წლის 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.

არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენას საფუძველი 1975 წელს ჩაეყარა და ის ორ წელიწადში ერთხელ ვენეციაში მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორებსა და მათ ნამუშევრებს მასპინძლობს. წლების განმავლობაში ვენეციის ბიენალეს კურატორები იყვნენ ცნობილი არქიტექტორები და მეცნიერები, მათ შორის: ფრანჩესკო დალ კო, რიჩარდ ბურდეტი, დევიდ ჩიპერფილდი, რემ კულჰაასი და ალეხანდრო არავენა. მათ ეს გამოფენა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფორუმად აქციეს არა მარტო ექსპერტებისთვის, არამედ არქიტექტურის მოყვარულთათვისაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები