მაია სიმონიშვილი IFLA -ს ევროპის რეგიონის დივიზიის წევრად მეორე ვადით აირჩიეს
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, ანგლოამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი, მაია სიმონიშვილი IFLA -ს (საბიბლიოთეკო ორგანიზაციებისა და საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის) რეგიონული კომიტეტის, კერძოდ, ევროპის რეგიონის დივიზიის წევრად მეორე ვადით აირჩიეს.
“გილოცავთ იფლას არჩევნების შედეგებსა და ევროპის რეგიონული კომიტეტის წევრობას. იფლას ხელმძღვანელობის სახელით, მივესალმებით, რომ ამ მნიშვნელოვანი ჯგუფის წევრი იქნებით და კომიტეტის საქმიანობაში კარგ წვლილს შეიტანთ” – აღნიშნა IFLA-ს აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა, ჰელენ მუნდმა.
“საბიბლიოთეკო გაერთიანებების საერთაშორისო ფედერაცია (IFLA) აღნიშნულ დარგში მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში, არქივებსა და საინფორმაციო ინსტიტუტებში უახლესი, თანამედროვე სტანდარტების შემუშავებას, რეკომენდაციების მომზადებასა და დანერგვას ემსახურება. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ 2020 წელს, საბიბლიოთეკო ორგანიზაციებისა და საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო საქმიანობა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა.
ასევე, დადებითად შეფასდა ჩვენი წარმომადგენლის საქმიანობა. უნდა აღინიშნოს, რომ IFLA-ს არჩევნები ყოველ ორ-სამ წელში ერთხელ ტარდება და მისი წარმომადგენლობის არჩევის უფლება მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებისა და საერთაშორისო საბიბლიოთეკო გაერთიანებების ხელმძღვანელებს აქვთ. არჩევნები ნომინაციებში დაგროვილი, ხმის უმრავლესობის პრინციპით ტარდება, ხოლო ნომინაციებში გამარჯვების შემდეგ, საერთაშორისო წარმომადგენლობა კენჭისყრით რეალურ წევრს ირჩევს. ამ შემთხვევაში, ევროპის დივიზიის წარმომადგენლობა ევროპის კონტინენტის ბიბლიოთეკებმა აირჩიეს. 2021 წელს, IFLA-ს საორგანიზაციო არჩევნებში 2,184 კანდიდატი მონაწილეობდა. 2023 წელს, ორგანიზაციის კომიტეტში საქართველოს წარმომადგენლობა უკვე მეორედ იქნა არჩეული”, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.