„ზღვა და ქართველები ძველ ევროპულ რუკებზე“
27 აპრილს, 20:00 საათზე ილიასეული “ხუთშაბათობის“ ფარგლებში, ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში იურისტისა და მკვლევრის სულხან სალაძის საჯარო ლექცია – „ზღვა და ქართველები ძველ ევროპულ რუკებზე“ გაიმართება.
ძველი ევროპული რუკების შეგროვება სულხან სალაძემ, რამდენიმე წლის წინ დაიწყო. შარდენის მიერ შესრულებული, ძველი თბილისის ჩანახატი გახდა მისი კოლექციის პირველი ნიმუში, სადაც დღეისათვის არაერთი უნიკალური, უძველესი გრავიურა თუ რუკა იყრის თავს.
მკვლევრის ინტერესის სფეროს ევროპაში საქართველოზე არსებული მასალების შესწავლა წარმოადგენს, თუ როგორ გამოსახავდნენ და როგორ მოიხსენიებდნენ ქართველებსა და საქართველოს, ზღვასა თუ მდინარეებს, დასახლებულ პუნქტებს, ქალაქებს თუ სოფლებს უძველეს ევროპულ რუკებზე. დროთა განმავლობაში, ასე მოიყარა თავი რუკების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ სულხან სალაძის პირად კოლექციაში, რომლებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია თვალი გავადევნოთ ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებას, XIX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით, მანამდე სანამ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნამ მსოფლიო რუკებიდანაც არ გააქრო ჩვენი ქვეყანა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული “ხუთშაბათობების“ ტრადიცია ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. “ხუთშაბათობების“ ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქის მნიშვნელობის წარმოჩენას საქართველოს ისტორიის კონტექსტში.
ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმია, ილია 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. ამ სახლს უკავშირდება მისი საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები, აქვე განთავსებული იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა, ამ სახლში საფუძველი ჩაეყარა არა ერთ ეროვნულ – სახელმწიფოებრივ და კულტურულ წამოწყებას, აქვე იმართებოდა ტრადიციული „ხუთშაბათობები““, ნათქვამია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.