„იმ გულზე, რომელიც საქართველოსათვის ძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“- აკაკი წერეთელი დიმიტრი ყიფიანის შესახებ
„იგი მოჰკლეს მძინარე. თავში ჩაურტყიათ რაღაცა მძიმე და მრგვალი საგანი, რადგანაც თავისა და პირისახის ნახევარ მხარეზე ძვლები სულ დამსხვრეული აქვს“- წერდა 1887 წელს „ივერია“ ასე გაიგო ქართულმა საზოგადოებამ დიდებული ადამიანის სიკვდილი – დიმიტრი ყიფიანი – ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1864-1870 წლებში, სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე, ტფილისის ქალაქის თავი 1875-1879 წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე 1879-1882 წლებში, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1885-1886 წლებში 1887 წლის 24 ოქტომბერს, ღამით სტავროპოლში მოკლეს… ამ დიდებული ადამიანის სახელთანაა დაკავშირებული ჟურნალ „ცისკრისა“ და მუდმივმოქმედი ქართული თეატრის დაარსება, შექსპირის პირველი ქართული თარგმანი, კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების დაარსება და სხვა მრავალი .. დიმიტრი ყიფიანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხილი.
„ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს და იმ გულზე, რომელიც საქართველოსათვის ძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“ – წერდა აკაკი წერეთელი. დიდი ქართველი მამულიშვილი ექვთიმე თაყაიშვილი ჩანაწერებში ვრცლად აღწერს დიმიტრი ყიფიანის გასვენების ამბებს, ამ მოგონებებში ყველა სიტყვა მნიშვნელოვანი და ძვირფასია:
“უნივერსიტეტი რომ გავათავე, თბილისში ჩამოვედი და ლათინური ენის მასწავლებლად დავდექი სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელსაც მაშინ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე განაგებდა(ქუთაისშივე, გიმნაზისტობისას ჩემი კარგად მცნობი). ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთი თვეც არ გასულიყო, რომ ამბავი მოვიდა, სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლესო. ეს იყო 1887 წლის 24 ოქტომბერს. ამან, რა თქმა უნდა, თავზარი დაგვცა ყველას და მთელი ქართველობა ააღელვა. გადაწყვიტეს, ჩამოესვენებინათ ცხედარი და საკადრისი პატივით დაემარხათ მთაწმინდაზე. ამის მოსაწყობად შედგა კომისია, რომელშიც, რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძეც დიდ მონაწილეობას იღებდა. მთავრობის მიერ დაყრილი ხმა, ვითომც დიმიტრი ყიფიანი გაძარცვის მიზნით მოეკლათ, არავის არა სჯეროდა: ყველა დარწმუნებული იყო, რომ იგი რუსული ხელისუფლების აგენტების მიერ იყო მოკლული.
კომისიაში ამირჩიეს მეც. ვინ დამასახელა, აღარ მახსოვს. მაგრამ საერთოდ მაშინ უკვე ყველა ასეთ კომისიებში მასახლებდნენ ხოლმე, იმიტომ, რომ ცოტა იყო ასარჩევი ადამიანები. კომისიაში სულ თხუთმეტი კაცი იქნებოდა, მაგრამ ამასთანავე დამხმარეც აუარებელი გვყავდა. შევიმუშავეთ დაკრძავლის გეგმა. ჭირისუფლობა იკისრა განსვენებულის ნათესავმა დავით ყიფიანმა – ცნობილმა მოღვაწემ და კარგმა კაცმა; თბილისში დიდად მიღებულმა ნოტარიუსმა, ილია ჭავჭავაძის, ივ. პოლტარაცკის, ალ. ჯაბადარისა და სხვათა მეგობარმა. ოფიციალური მიმოწერა, ნებართვის მიღება და სხვა ასეთი რამეები სულ მას დაეკისრა. მართალია, დიმიტრის ვაჟი დარჩა, კოტე, მაგრამ ის ვერ გაართმევდა თავს იმდენ საქმეს და თან პრესტიჟისთვისაც სჯობდა დავითისათვის დავალება იმეებისა.
რასაკვირველია, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ დეპუტატები და სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლები, ყველანი სამგლოვიარო ლენტებით შემოსილნი (მკლავებზე გაგვიკეთეს) დავხვდით ცხედარს ვერაზე, ჯვართან. იქიდან დაიწყო პროცესია. კომისიის გეგმით, ცხედარი უნდა გამოგვეტარებინა გოლოვინის პროსპექტით3 ერევნის მოედნამდე, მერე უნდა აგვეხვია სოლოლაკის ქუჩაზე5, მერე პეტრე დიდის ქუჩაზე და ისე უნდა ავსულიყავით მთაწმინდაზე. პოლიცია, რასაკვირველია, გამრავლებული იყო და ფეხზე იდგა.
დაიძრა პროცესია, დავით ყიფიანის მეთაურობით. როგორც კი მოვუახლოვდით გრიბოედოვის ქუჩის ასავალს, პოლიცია გადაგვეღობა და გამოგვიცხადა, რომ პროცესია გრიბოედოვის ქუჩით უნდა წავიდეს. შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი, ხალხი წინ მიმავალთ მიაწვა. ამასობაში ნიკო დიასამიძემ, რომელიც წაბლისფერ ტაიჭზე იჯდა ქართულად ჩოხაში გამოწყობილი, ცხენდაცხენ გაარღვია პოლიციისრაზმი და გასწია წინ. დავით ყიფიანიც მას გაჰყვა. პოლიცია წინ გადაუდგა სამღვდელოებას, რომელსაც მიუძღოდა ცნობილი ქართველი პატრიოტი, ბერი, ეპისკოპოზი ალექსანდრე ოქროპირიძე. ის საერთოდ თითქოს არ იყო გამბედავი კაცი, მაგრამ აქ კი ნამდვილად გამოიჩინა გამბედაობა. პოლიციის რამზის მეთაურმა უთხრა: Ваше преосвященство, приказано по Грибоедовской улице направить процессию!\” ალექსანდრე არ შედრკა და მიუგო: \”Меня пригласили родные покойного, куда они последуют, и я за ними!\”-ო და განაგრძო გზა. შემოსილი მღვდელმთავრის შეჩერება პოლიციამ ვეღარ გაბედა, თან ხალხიც მიაწვა, გაარღვია პოლიციელთა წყება და მედგრად გასწია წინ. მთელ პროსპექტზე გაიმართა უზარმზარი პროცესი. სასახლეს რომ მივუალხოვდით, განგებ შეაჩერეს ცხედარი და მიცვალებულის ლოცვა გადაიხადეს, დემონსტრატიულად. სასახლიდან არავის გამოუხედავს. მაშინ მთავარმართებელად იყო დონდუკოვ-კორსაკოვი. ამბობენ, რომ იმ დღეს ის არ იყო სასახლეში, თავისი ცოლის პანაშვიდზე წავიდაო ზემოთ, წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის ეკლესიაში.
სასახლიდან დაძრული პროცესია მოედანზე გავლით ავიდა სოლოლაკის ქუჩაზე, მერე შემოუხვია პეტრე დიდის ქუჩაზე, ხოლო იქიდან ერმოლოვის ქუჩით ავიდა მთაწმინდაზე. ცხედარს, დავით ყიფიანთან ერთად, მიჰყვებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სხვა პოეტები და მწერლები, მიჰყვებოდა, რა თქმა უნდა, განსვენებულის მთელი ოჯახიც.საფლავზე პირველი სიტყვა წარმოთქვა აკაკი წერეთლმა, რომელმაც დიმიტრი ყიფიანი გამოაცხადა საქართველოს მეორე დიმიტრი თავდადებულად და რა თქმა უნდა, დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ის ცნობილი მშვენიერი ლექსი რომა აქვს, \”ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტოო\”, მაშინ არ უთქვამს, მერე დაწერა. დიმიტრი ყიფიანს კი გულისხმობდა შიგ!
მოელოდნენ ილიას სიტყვასაც, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. ისე კი გვითხრა რამდენიმე კაცს: ”რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო!” მართლაც, უამრავი ხალხი იყო დაკრძალვაზე მოსული, ნამდვილად მთელი საქართველო! ილიას მიერ სიტყვით არ გამოსვლა ზოგმა მის სიფრთხილეს მიაწერა. ისიც კი გაიხსენეს, რომ ერთ დროს მას ყიფიანთან პოლემიკა ჰქონდა. მაგრამ ერთიცა და მეორეც, რა თქმა უნდა, ცილისწამება იყო…
ამრიგად, ეს გრანდიოზული პროცესია დიდი და გაბედული დემონსტრაცია იყო ქართველი ერისა ცარიზმის რეჟიმის წინააღმდეგ. მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველობაზე და ერთგვარ საგონებელშიც ჩააგდო ხელისუფალნი. მეორე დღეს მთავარმართებელმა მოიწვია საბჭოს სხდომა და თათბირობდნენ, თუ რითი ეპასუხათ ამ გამოუთქმელ დემონსტრაციაზე. აზრთა დიდი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ დაასკვნეს, რომ რეპრესია დემონსტრაციის მომწყობთა მიმართ კიდევ მეტ გართულებას გამოიწვევს; რაც მოხდა, პოლიციის განცხადების მიმართ უბრალო წინააღმდეგობად ჩათვალეს, ჭირისუფალი დავით ყიფიანი 6 მანეთით დააჯარიმეს და ამით გათავდა საქმე”