„ათინათის“ ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებაზე შექმნილ პირველ ვიდეოინსტალაციას მასპინძლობს
19 აპრილიდან ფონდ „ათინათის“ კულტურის ცენტრი ირაკლი ფარჯიანის (1950-1991) შემოქმედებაზე შექმნილ პირველ ვიდეოინსტალაციას – „სახარებები“ მასპინძლობს. ეს არის მხატვრის მიერ გადაწერილი და დასურათებული სახარებების ფაქსიმილე გამოცემა.
ყველა მსურველი შეძლებს, ი. ფარჯიანის „სახარებების“ ზუსტი ასლი თანამედროვე ტექნოლოგიით გაცოცხლებული ნახოს. რთული ტექნიკური მახასიათებლების გამო ეს ნამუშევარი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ გამოიცა. იგი შეიცავს ოქროსა და ვერცხლის პიგმენტებს; უნიკალურია ფერთა გამაც, რადგან გამოყენებულია ირაკლი ფარჯიანის აღმოჩენილი სპეციალური ტექნიკა.
ირაკლი ფარჯიანი (1950-1991) მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ქართულ ხელოვნებაში ქრისტიანული ფერწერის ტრადიციის აღდგენა სწორედ მის სახელს უკავშირდება. ირაკლი ფარჯიანმა საბჭოთა საქართველოში შექმნა სახარების უნიკალური ვერსია, რომლის ანალოგი დღემდე არ არსებობს.
ირაკლი ფარჯიანის „სახარებების“ ფაქსიმილე გამოცემა საქართველოში ექსკლუზიურად ჩამოიტანა კომპანია Smart Innovations-მა.
გამოფენა კულტურის ცენტრში 23 აპრილამდე გაგრძელდება.