როდოლფო ჰესლერთან შეხვედრა მწერალთა სახლში გაიმართება
20 აპრილს, 19 საათზე, მწერალთა სახლში, ცნობილ ესპანურენოვან მწერალთან, პოეტთან და მთარგმნელთან – როდოლფო ჰესლერთან გაიმართება შეხვედრა.
როდოლფო ჰესლერი, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტისა“ და მწერალთა სახლის მოწვევით ეწვია თბილისს, მთარგმნელ ლანა კალანდიასთან ერთად თანამედროვე ქართველი პოეტების ესპანურენოვან ანთოლოგიაზე მუშაობს. წიგნს წლის ბოლომდე ესპანური გამომცემლობა “Huerga y Fierro editores“ გამოსცემს მადრიდში.
როდოლფო ჰესლერმა, სხვადასხვა დროს, ესპანურად თარგმნა ნოვალისის პოეზია (სრულად), ფრანც კაფკას მოთხრობები, ასევე პოპულარული ანთოლოგია „ფრანკენშტაინის საიდუმლო“. როდოლფო ჰესლერის პოეტური კრებულები 1982 წლიდან გამოიცემა მადრიდის, ბარსელონის, მალაგის, მეხიკოს, კარაკასის, ბუენოს აირესის გამომცემლობების მიერ. ჰესლერი არაერთი ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია.