ფესტივალი „Bouquet Kyiv Stage“ თბილისში გაიმართება

28-30 აპრილს ფესტივალი „Bouquet Kyiv Stage“ უკრაინიდან საქართველოში გადმოინაცვლებს და თბილისში გაიმართება.

„სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, Bouquet Kyiv Stage-მა გააფართოვა თავისი მისია და საზღვრები.  დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს გააცნო უკრაინის ომის რეალობა და მდიდარი და შინაარსიანი უკრაინული ხელოვნება.  ასე რომ, 2022 წელს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში წარმატებით ჩატარდა „Bouquet Kyiv Stage“.

შემდეგი ქვეყანა საქართველო იქნება და ეს შემთხვევითი არ არის.

საქართველო სულით ჩვენთან ძალიან ახლოსაა – თავისუფლებისმოყვარე, თავისუფალი ქვეყანა, რომელიც მუდმივ ბრძოლაშია თავისი არსებობისთვის.  საქართველოს ისევე, როგორც უკრაინას აქვს მდიდარი კულტურა და სულიერი მემკვიდრეობა.  ეს არის გულწრფელი ხალხის და ნამდვილი მეგობრების ქვეყანა.

სრულმასშტაბიანი შემოსევის დაწყებისთანავე, როცა სასტიკ მტერს პირისპირ აღმოვჩნდით, სწორედ ქართველები იდგნენ პირველები ჩვენს მეომრებთან ერთად ბრძოლის ველზე.  და დღემდე ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინისთვის, ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის.

თბილისში,“ Bouquet Kyiv Stage“ ფესტივალზე წარმოვადგენთ უკრაინულ მუსიკას, თეატრს, კინოსა და ვიზუალურ ხელოვნებას და შევქმნით უკრაინულ-ქართულ შემოქმედებით პროექტებს.  და რაც მთავარია, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ქართველებს, რომლებიც მთელი გულით მხარს უჭერენ და გულშემატკივრობენ უკრაინას.  ჩვენ ხომ ნამდვილად გვჯერა ჩვენი სლოგანის უკრაინა + საქართველო.  გვერდიგვერდ“, – ნათქვამია ფესტივალის „Bouquet Kyiv Stage“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალში მონაწილეობას ავსტრიაში მცხოვრები ქართველი დირიჟორი მიხეილ მენაბდეც მიიღებს.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უკრაინის გულშემატკივრებო და მუსიკის მოყვარულებო! სიხარულით და სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ კიევის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფესტივალი, რომელიც უკრაინული თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და განვითარებას ემსახურება, სულ მალე თბილისში გადმოინაცვლებს.  მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება ვიყო ამ ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე და თან, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ჩემს ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად ასე,  რომ გელით ყველას დიდი სიყვარულით“, – წერს მიხეილ მენაბდე.

მაღალი ხელოვნების ფესტივალი „Bouquet Kyiv Stage“ 2018 წლიდან იმართება კიევში, ქალაქის ცენტრში, საკულტო ადგილას – სოფია კიევის ლავრაში. ეს არის არაკომერციული, სოციალურად ორიენტირებული ფესტივალი, რომელიც აერთიანებს მუსიკას, თეატრს, კინოს, ლიტერატურას და ვიზუალურ ხელოვნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები