მწერალთა სახლი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნულ სტენდს წარადგენენ

18-20 აპრილს, მწერალთა სახლი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნულ სტენდს წარადგენენ.

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე უკვე მეცხრედ იღებს მონაწილეობას და ტრადიციულად, წიგნის ბრიტანულ ბაზარზე ქართველი ავტორებისა და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება.

“ლონდონის წიგნის ბაზრობაზე 4 ქართველი გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას: გამომცემლობა ინტელექტი, პალიტრა L, სულაკაურის გამომცემლობა და პოლინომიალი.

საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ახალი ქართული გამოცემები, თარგმანები, ასევე ქართველი გამომცემლების, მწერალთა სახლისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული კატალოგები. დამთვალიერებლებს სტენდზე 2016-2020 წლების ქართული წიგნის ბაზრის კვლევის გაცნობაც შეეძლებათ.ლონდონის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, 20 აპრილს, გამომცემლობა ინტელექტი, მწერალთა სახლთან და ევროკავშირის ლიტერატურულ პრემიასთან თანამშრომლობით, გამართავს ღონისძიებას „აღმოსავლეთ ევროპის დეკოლონიზაცია: თარგმანში ნაპოვნი“. ღონისძიებას გაუძღვებიან პროფესორი ოლჰა მუხა, საერთაშორისო პენ ცენტრის კონგრესის, კომიტეტებისა და ახალი ცენტრების მენეჯერი; ივა ფეზუაშვილი, მწერალი, საქართველოს პენ ცენტრის პრეზიდენტი; ტანია თუმა, საერთაშორისო პენ ცენტრის საბჭოს წევრი, სლოვენიის პენ ცენტრის პრეზიდენტი; ნინა მიურეი, მთარგმნელი. ღონისძიება იმართება ინგლისის პენ ცენტრის, ბრიტანეთის საბჭოს და პლატფორმა „ ლიტერატურა საზღვრებს მიღმა“ პარტნიორობით.

სპიკერები განიხილავენ ბალკანეთის, საქართველოს და უკრაინის გამოცდილებას, წარადგენენ დეკოლონიზაციის პრაქტიკის მაგალითებს – მწერლობის სპეციფიკას, ენობრივ პრაქტიკას და განიხილავენ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ავტორები და მთარგმნელები დგანან”, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ლონდონის წიგნის ბაზრობა 1971 წლიდან ყოველწლიურად იმართება და ფრანკფურტის შემდეგ, წიგნის ყველაზე მასშტაბურ ბაზრობად ითვლება. ის აერთიანებს 25 ათასზე მეტ გამომცემელს, წიგნის გამავრცელებელს, ლიტერატურულ აგენტსა თუ მედიის წარმომადგენელს და ხელს უწყობს საგამომცემლო სფეროს განვითარებას, საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვის პროცესს, სხვადასხვა ქვეყნების კულტურების დაახლოებას და ინტეგრაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები