დღეს, გამორჩეული ქართველი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის დაბადების დღეა
ინგლისის დედოფლის, ელისაბედ მეორის მიერ “კლდის ვეფხვად” მონათლული ქართველი მთამსვლელი მიხეილ ხერგიანი 1967 წელს საფრანგეთში პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობდა კლდეზე ცოცვაში. ყველას ყურადღება მიშა ხერგიანისა და მისი მეწყვილის, ვიაჩესლავ ონიშენკოსკენ იყო მიპყრობილი.
როდესაც საბჭოთა წყვილი გამოაცხადეს, ფრანგულმა ტელევიზიამ კამერები მომართა, მაგრამ მხოლოდ ონიშენკო გამოვიდა, მიშა კი არ ჩანდა.
როდესაც მოძებნეს, ნახეს, რომ მიშა მიწაზე იჯდა, თოკს კვანძავდა და ქართულად რაღაცას ღიღინებდა. როცა ჰკითხეს, თუ რატომ არ გამოდიოდა შეჯიბრებაზე, მიშამ უთხრა: შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, სანამ არ გამოაცხადებენ, სვანი მიხეილ ხერგიანი საქართველოდანო.
ბოლოს, როგორც მიშას უნდოდა, ისე გამოაცხადეს.
თურმე, ყველა გაკვირვებული ამბობდა: საქართველო გაგვიგია, მაგრამ სვანი რა არისო.
მიხეილ ხერგიანი 1932 წლის 20 მარტს დაიბადა, სვანეთის ერთ-ერთი პირველი მთამსვლელის ბესარიონ ხერგიანის სახლში, რომელმაც 1937 წელს უშბა დაიპყრო.
მას სამი სახელი ერქვა: ნამდვილი სახელი იყო ჩხუმლიანი, მამა, და-ძმები და ახლო ნათესავები მინანს ეძახდნენ, ხოლო ალპინიზმის ინსტრუქტორთა სკოლაში მიშად, მიხეილად მონათლეს, რადგან ჩხუმლიანის წარმოთქმა უჭირდათ. საბოლოოდ პასპორტშიც მიხეილ ხერგიანი ეწერა.
იგი იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ყოფილი საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში სასიმაღლო და ტექნიკურ კლასებში, მეკლდეურობაში საბჭოთა ჩემპიონატებისა და პროფკავშირების შვიდგზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანისა და ალპების ურთულესი მწვერვალები. ინგლისში მიანიჭეს „კლდის ვეფხვის“ წოდება. მიხეილ ხერგიანმა დღიურის წერა 1963 წელს დაიწყო წარსული და მიმდინარე მოვლენების აღსაწერად. დღიურში წერდა: ყველა ჯილდოზე და წოდებაზე მეტად ის მიხარებს გულს, რომ ადამიანების სიცოცხლე შევინარჩუნეო…
ჩანაწერები 1969 წლის 3 ივლისს წყდება – ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე: იტალიაში სუ-ალტოს მწვერვალზე ასვლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
მიხეილ ხერგიანი 1969 წელს, 37 წლის ასაკში, იტალიის მწვერვალ სუ-ალტოზე დაიღუპა. იგი ჯგუფს წინ მიუძღოდა. მოულოდნელი ქვების ცვენამ მისი თოკი გადაჭრა და მთამსვლელი 600 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა…
1969 წლის 8 აგვისტოს, თურქესტანის ქედზე მდებარე 4960მ სიმაღლის მწვერვალს ხერგიანის სახელი უწოდეს.
1978 წელს, მზის სისტემაში აღმოჩენილ მცირე პლანეტას ნომრით 3234 ხერგიანის სახელი მიენიჭა.