ადგილობრივი წარმოება ნებისმიერი ქვეყნისთვის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია
საქართველოს ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იქნებოდა, ადგილობრივი საწარმოებითა და იმ პროდუქციის წარმოებით, რასაც უმეტესწილად ჩვენვე მოვიხმართ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვაწარმოებთ დღეს, საუბარია როგორც პრიმიტიულ საწარმოო პროცესზე, ასევე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე, რომელიც მატერიალურ სარგებელთან ერთად, ქვეყანას ინტელექტუალურ სარგებელსაც აძლევს. საგულისხმოა ასევე რამდენად ეკოლოგიურია წარმოება და როგორია ზიანი, რომელსაც ეს საქმიანობა გარემოს აყენებს.
საქართველოში არ არსებობს ქარხანა, რომელიც ყველა ამ შეკითხვაზე დადებით პასუხს სცემს. უფრო სწორად, აქამდე არ არსებობდა….
დღეს გვინდა, იმ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გიამბოთ, რომელიც სამთო მინერალების ნარჩენების გადამუშავებას ეხება და რომლის განხორციელებაც საქართველოში იწყება. პროექტი გულისხმობს სამთო მინერალების მოპოვების შედეგად დარჩენილი ნარჩენის გადამუშავებას და მის გამოყენებას ელექტრომობილების ბატარეების დამზადების პროცესში. მოკლედ რომ ვთქვათ, პროექტის მიზანი გამოუსადეგარი, უსარგებლო და გარემოსთვის მავნე ნარჩენების უსაფრთხო, სასარგებლო და საჭირო პროდუქტად გარდაქმნაა. რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, მაღალტექნოლოგიური ქიმიური პროცესის ხარჯზე, აღნიშნული წარმოება თავიდან ბოლომდე ეკოლოგიურია.აღნიშნული სიახლის შესახებ დეტალურად ის ადამიანი მოგვითხობს, ვინც ამ პროექტის უკან დგას.
გიორგი გეგეჭკორი- მრავალწლიანი გამოცდილებით, არაერთი წარმატებული პროექტის მენეჯერია, რომელიც თანამოაზე პარტნიორთან ერთად, ბიზნესის კეთების სახელმწიფოებრივი ხედვით გამოირჩევა.
გიორგი გეგეჭკორი 2015-2019 წლებში „რაკია ჯორჯიასა“ და „რაკიინ დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ. ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ასეთ მსხვილ კომპანიაში მსგავს თანამდებობას იკავებდა და მხოლოდ 27 წლის იყო. მასშტაბურ გამოწვევებს იღებდა და როგორც თავად შედეგმა გვაჩვენა, მათ წარმატებით ართმევდა თავს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ორგანო (რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო), რომელიც ჰოლდინგური წესით მართავდა ზემოხსენებულ კომპანიებს, ფლობდა და ფლობს „შერატონ მეტეხი პალასს“, „თბილისი მოლს“, ასევე, დიდი მოცულობის მიწის ნაკვეთებს. მათ მფლობელობაში იყო ფოთის პორტი და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიის ზონა. უშუალოდ გიორგი გეგეჭკორის ხელმძღვანელობის პირობებში ჩაუატარდა რენოვაცია 1991 წელს აშენებულ „შერატონს“ და განხორციელდა 200 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც სასტუმროს ფუნდამენტურ გადაკეთებას ისახავდა მიზნად. შედეგის ნახვა დღეს ყველას შეუძლია. თავად გიორგი გეგეჭკორი მიიჩნევს, რომ, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ეს პროექტი ახალი სასტუმროს აშენების ტოლფასი იყო. ფაქტობრივად, ძველი „შერატონიდან“ მხოლოდ ჩონჩხი დატოვეს, რომელზეც თვისებრივად ახალი სასტუმრო ააშენეს, სადაც ნომრების კონფიგურაციით დაწყებული, ყველაფერი შეცვლილი, გაუმჯობესებული და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული იყო. ამ ყველაფრის პარალელურად, გიორგი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა „თბილისი მოლს“, რომელიც 300 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებას წარმოადგენდა. მის მიერ შემუშავებულმა კომერციულმა და ბიზნეს განვითარების სტრატეგიამ იმუშავა და ობიექტი მაქსიმალურად დაიტვირთა. პარალელურად ის ჩართული იყო კომპანიის სხვადასხვა მიმდინარე პროექტში.
როდესაც რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო ჰოლდინგურიდან წარმომადგენლობით მმართველობაზე გადავიდა, გიორგიმ პოსტი დატოვა, რადგან ის თავს იმ ადამიანებს მიაკუთვნებს, რომელთაც მსხვილი პროექტები და აქტიური მუშაობა სასიცოცხლოდ სჭირდება.
– (გიორგი გეგეჭკორი) ჩემი კარიერის მეორე ეტაპი, რომელსაც გამოვყოფდი, სამეცნიერო-სასწავლო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილეობა და „დელტა ინტერნეიშენალის“ გენერალური დირექტორობაა. ეს გახლავთ კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ტრეიდერია და ყიდის ჩვენ მიერ ნაწარმოებ ეროვნული შეიარაღებას, როგორიცაა: „დიდგორი“, „ლაზიკა“ სხვ. ჩემს უშუალო დაქვემდებარებაში იყო წარმოების დეპარტამენტი, კვლევისა და განვითარების მიმართულება, საერთაშორისო გაყიდვები, საპროექტო ნაწილი, დემილიტარიზაცია და ა.შ. პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში მოგვიწია სტრუქტურის თავიდან ბოლომდე შეცვლა, რაშიც ასევე აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხილვაც ჩემი იქ ყოფნის პერიოდში დავიწყეთ, პოლონურ კომპანიასთან ერთად სამხედრო დრონების წარმოება იყო. გარდა ამისა, პასუხისმგებელი ვიყავი პროდუქციის გაუმჯობესებასა და ახალი პროექტების ინიცირებაზე.
–როდის დაიწყეთ მინერალების ნარჩენების გადამუშავების პროექტზე მუშაობა და რატომ გაგიჩნდათ ამის სურვილი?
-მენეჯმენტში დაგროვებულმა გამოცდილებამ თავისი ქნა და 2020 წლიდან გადავწყვიტე, საკუთარი საქმიანობით დავკავებულიყავი. ჩემს პარტნიორთან ერთად დავაფუძნე კომპანია – MCB – რომელმაც დაიწყო პროექტის დამუშავება ქიმიურ წარმოებაში. როგორც უკვე აღინიშნა, ეს გულისხმობს სამთო მინერალების მოპოვების შედეგად დარჩენილი ნარჩენების გადამუშავებას და ისეთ პროდუქტად ქცევას, რომელიც, საბოლოო ჯამში, საკმაოდ ფართო გამოყენების სპექტრით გამოირჩევა. სოფლის მეურნეობის გარდა, უკვე ძალიან აქტუალური გახდა ნარჩენების ელექტრომობილების ბატარეების კათოდებად გამოყენება. ჩვენი ქვეყნის მდიდარი რესურსების გათვალისწინებით, ჩვენი სურვილიც და მოთხოვნილებაც იყო ახალი პროდუქციის შექმნა არსებული ნედლეულის გამოუსადეგარი ნარჩენის გადამუშავებით.
მოგეხსენებათ, რკინა, ნედლეულის სახით, იაფი ღირს, თუმცა თუ, მაგალითად, ლურსმნებად გაყიდი, ეს უფრო ძვირი ეღირება, ხოლო თუ მისგან ჩაქუჩს დაამზადებ, ფასი კიდევ უფრო მაღლა აიწევს. ნებისმიერი, პროცესი, რომელიც ნედლეულისგან ახალი პროდუქტის წარმოებას მოიცავს, დამატებითი ღირებულების შექმნას გულისხმობს. რაც უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია აღნიშნული დამატებითი ღირებულება, მწარმოებელი ქვეყნისთვის ეს მით უფრო კარგია. ჩვენი მოტივაციაც ზუსტად ეს გახლდათ. პირველ რიგში, ნარჩენებისგან გარემოს გათავისუფლება გვინდოდა, ხოლო შემდგომ – ღირებული პროდუქციის შექმნა, რომელიც, ჩვენდა სასიკეთოდ, ელექტრომანქანების ბატარეების წარმოებაში გამოიყენება. პროექტი დასრულებულია და დაფინანსების მოძიების ფაზაზე გადავედით.
ჩვენი სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოიძებნოს სწორი ინვესტორი, ვისთვისაც ჩვენი ხედვა გასაგები იქნება. ეს პროექტი არ გახლავთ ბრმა ფულის კეთების და დოვლათის დაგროვების სურვილით ნაკარნახები. ის, თავიდან ბოლომდე, ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა და ხორციელდება.
–ზუსტადაა თუ არა გათვლილი პროექტის ტექნიკური მხარე და ეკოლოგიური თვალსაზრისით, რამდენად სუფთა იქნება სამუშაო პროცესი?
-რასაკვირველია, ჩვენ უკვე ჩავატარეთ ყველა ცდა და ლაბორატორიული ტესტი. გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც, საბოლოოდ, სუფთა პროდუქტს შექმნის, პროექტის საკვანძო საკითხია. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს გახლავთ 100%-ით მწვანე წარმოება – კარბონ-ნეიტრალური ქარხანა, ყოველგვარი გამონაბოლქვისა და ნარჩენის გარეშე.
–ეს, ალბათ, გარკვეულ მაღალტექნოლოგიურ პროცესებს მოიცავს…
-მაღალ ტექნოლოგიებს თავად ქიმიური წარმოება გულისხმობს. ქიმიის გამოყენებით იქმნება სრულიად სუფთა პროდუქტი. მავნებელი და უსარგებლო ნარჩენები გადაიქცევა უვნებელ და სასარგებლო პროდუქტად.
–გქონდათ თუ არა კომუნიკაცია ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებლებთან?
-ჩვენ, რა თქმა უნდა, შევისწავლეთ ბაზარი და ამიტომაც დავიწყეთ ამ პროექტის დამუშავება. გლობალური და საერთაშორისო ტრეიდერული პრინციპები საბითუმო ვაჭრობას გულისხმობს და არა- საცალოს. ბატარეები მრავალი კომპონენტისგან შედგება. ელექტრომობილების გიგანტები, ძირითადად, საბითუმოდ ყიდულობენ ასეთი ტიპის პროდუქციას. ჩვენც მოვიძიეთ შუამავალი ტრეიდერული კომპანიები, რომლებიც ჩვენს პროდუქტს შეიძენენ. პროექტის საბოლოო სახით დამუშავება სწორედ მათთან მოლაპარაკებებისა და წინასწარი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ დავიწყეთ.
–დაახლოებით, რა ბიუჯეტზეა საუბარი?
-პროექტი საკმაოდ მოცულობითია და მისი განხორციელება 15 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება. ამაში შედის საწარმოს აშენება, აღჭურვა და პროდუქციის გამოშვებამდე მიყვანა.
–ტერიტორიულად, სად განიხილავთ საწარმოს აშენებას?
-დასავლეთ საქართველოში რამდენიმე ლოკაცია გვაქვს ამორჩეული. ისეთი ადგილი უნდა იყოს, რომელიც ინდუსტრიულად და ლოგისტიკურად შესაბამისი იქნება ჩვენი წარმოებისთვის. რადგანაც საქართველოში ელექტრომობილების წარმოება ჯერჯერობით არ იგეგმება, ვაპირებთ, რომ ექსპორტზე გავიტანოთ, თუმცა თუ, ამ მხრივ, საქართველოში რაიმე შეიცვლება, მაშინ დიდი სიხარულით მივაწვდით მათ ჩვენს პროდუქტს.
–გარდა იმისა, რომ უსარგებლო სასარგებლოდ გადაიქცევა და მავნე ნარჩენი უსაფრთხო პროდუქტი გახდება, კიდევ რას მისცემს ეს პროექტი ჩვენს ქვეყანას?
ნებისმიერი ქარხანა, თუ ის, ასევე ვთქვათ, პრიმიტიულ ყალიბებზე არ მუშაობს, ქმნის არა მარტო მატერიალურ, არამედ ინტელექტუალურ დოვლათს. გარდა იმისა, რომ ჩვენი ქარხნის საწარმოო და სარეალიზაციო პროცესის ფარგლებში, ასობით ადამიანი დასაქმდება, დაგროვდება ცოდნა და ინტელექტუალური რესურსი საჭირო და გამოსადეგ ინდუსტრიაში.
როდესაც ქვეყანაში მსგავსი ტიპის წარმოება იარსებებს, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, საკმაოდ კარგი პირობებით დასაქმდნენ, თუკი მათ შესაბამისი ცოდნა ექნებათ. ასეთი ტიპის ქარხანას ძალიან დასჭირდება მომავალი ქიმიკოსები. ჩვენ გვაქვს კიდეც გათვლილი მათზე გარკვეული სტიპენდიები, შემუშავებული გვაქვს ახალგაზრდების დაინტერესებისა და მათი დახმარების მეთოდები. საქართველოს დასაქმების ბაზარზე არსებულ ვითარებაში მსგავსი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების ერთადერთი შესაძლებლობა სწორედ ასეთი ტიპის ქარხნების არსებობაა. სახელმწიფოსთვის აუცილებელია, ასეთი ტიპის წარმოებამ გააჩინოს მოტივაცია არსებულ და სამომავლოდ დასასაქმებელ კადრებში. ეს ყველაზე დიდი კაპიტალია, რომელსაც ქვეყნის განვითარებაში დებ.
–თქვენ საუბრობთ სახელმწიფოებრივ, გრძელვადიან ხედვაზე. როგორი განვითარება შეიძლება პოვოს სამომავლოდ ამ ყველაფერმა?
-საქართველოს, სამთო მინერალების მხრივ, დიდი რესურსი აქვს. როცა ქარხანა წარმატებას მიაღწევს, ამ სფეროში შესაძლებლობების კარი გაიხსნება. ერთი პროექტით ვიწყებთ, თუმცა, ცხადია, თვალი გაფართოებასა და განვითარებაზე გვიჭირავს. ჩვენი გრძელვადიანი ხედვა ქიმიური წარმოების განვითარება და სამთო ქიმიური დარგის მაქსიმალური კომერციალიზაციაა.