კატარში ქართული კულინარიის დღე გაიმართა
2023 წლის 12 მარტს, კატარში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და კატარის ტურიზმის საბჭოსთან ერთობლივი თანამშრომლობით, 2023 წლის კატარის საერთაშორისო კულინარიული ფესტივალის მიმდინარეობისას ქართული კულინარიის დღე გაიმართა.
დოჰას ცენტრალურ ბულვარში გამართული ქართული კულინარიული შოუ საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენებით გაიხსნა. ღონისძიებაზე ქართველი შეფმზარეულის გიორგი ალუგიშვილის მიერ სხვადასხვა ქართული კერძები მომზადდა. აღსანიშნავია, რომ ქართველ შეფმზარეულთან ერთად ქართული კერძები ასევე მოამზადა ცნობილმა კატარელმა შეფმზარეულმა აიშა ალ თამიმიმ.
ფესტივალში მონაწილე სტუმრები გაეცნენ ინფორმაციას საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ასევე ქართული კულინარიის ისტორიის და საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძების შესახებ. სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეფასებინათ ქართული კერძები.
ქართული კულინარიის დღეს კატარელ და უცხოელ სტუმრებთან ერთად კატარში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.