იტალიურმა ტელეარხმა ”Italia 7” ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი ქეთი ნოგიევა მიიწვია
იტალიურმა ტელეარხმა ”Italia 7”, პირდაპირ ეთერში, ქართულ-იტალიური ინტერნეტტელევიზია “KN TV”-ს დამფუძნებელი, ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი ქეთი ნოგიევა მიიწვია.
“Georgia Chiama Italia”-ს ფონზე, იტალიურ ტელეარხზე ”Italia 7”-მა პირდაპირ ეთერში სასაუბროდ მიმიწვია, როგორც ქართულ-იტალიური ინტერნეტტელევიზია “KN TV”-ს დამფუძნებელი. მათ აინტერესებდათ როგორ მოვახერხე 27 წლის გოგომ, უცხო ქვეყანაში, ორწელიწადნახევრიანი ემიგრანტობის ფონზე, დამეფუძნებინა ქართულ-იტალიური ინტერნეტტელევიზია. ჟურნალისტის შეკითხვები ძირითად ეხებოდა ტელევიზიის მიზნებს, პროექტებს და სამომავლო გეგმებს – თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქართულ-იტალიური კულტურის პოპულარიცაზიისთვის. ვისაუბრეთ ქართველ ემიგრანტებზე.
რთულია სიტყვებით გადმოგცეთ ის ემოცია, რაც პირდაპირი ეთერის მსვლელობისას განვიცადე, ეს იყო ერთად შეზავებული სიხარული, ბედნიერება და ღელვა. როდესაც ეკრანზე ჟურნალისტის მიერ ჩემს შესახებ მომზადებულ სიუჟეტს თვალს ვადევნებდი, იმდენად სწორი აქცენტები იყო გაკეთებული, იმდენად ლამაზად იყო მოტანილი მაყურებლამდე ეს ყველაფერი, რომ აღელვებისგან ტანში ჟრუანტელმაც კი დამიარა. მადლობა მათ ამ ბედნიერი წუთებისთვის.
რაც შეეხება პირდაპირ ჩართვას, მე იმ მოკლე დროში, ვეცადე ამომწურავად მესაუბრა ინტერნეტტელევიზია “KN TV”-ის დაფუძნების, მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. იტალიელ ჟურნალისტი მომავალ შეხვედრამდე დამემშვიდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არაერთხელ მომიწევს თქვენთვის ინფორმაციის მოწოდება მსგავსი ფორმატით.
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც გუშინ თვალი ადევნა ჩემს პირდაპირ ეთერს და წარმატებები მისურვა. დიდი მადლობა ჩემს იტალიელ ოპერატორს, Massimo Pocci-ს, რომლის მაღალ პროფესიონალურ დონეზე გადაღებულმა “La vita è bella”-ს კადრებმა, შექმნა ის ფონი, რომელმაც გუშინდელი ჩემი პირდაპირი ჩართვა გამილამაზა და მომიხსნა ყველანაირი დაძაბულობა.
განსაკუთრებული მადლობა “Italia 7”-ს, კერძოდ ჟურნალისტ Gaetano D’arienzo-ს და მის შემოქმედებით გუნდს“, – განაცხადა ქეთი ნოგიევამ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, ფლორენციაში, იტალიურ-ქართული ინტერნეტტელევიზია ოფიციალურად გაიხსნა.
„KN TV” ფართო მასშტაბიანი ინტერნეტპლატფორმაა, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული იტალიაში (არა მხოლოდ) მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებზე და მათ საინფორმაციო მხარდაჭერასაც გაუწევს.
პლატფორმაზე განთავსდება როგორც სტატიები და ვიდეოგადაცემები, ასევე ყველა ის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია, რაც ემიგრანტებისთვისაა მნიშვნელოვანი. ის საქართველოს და იტალიის დამაკავშირებელი ხიდი იქნება. ორ ქვეყანას შორის კულტურისა და ტრადიციების გაცვლა და მათი პოპულარიზაცია მოხდება .