აჭარაში ტრადიციებისა და რიტუალების ახალი სახელმძღვანელო მომზადდა
„ხალხური ტრადიციები და რიტუალები“ – ამ სახელწოდებით აჭარაში ახალი გზამკვლევი მომზადდა. სახელმძღვანელოში, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, 70 აჭარული ტრადიცია და ხალხური რიტუალია შესული. მათ შორისაა ქორწინებასთან, ბავშვის აღზრდასთან, საზოგადოებრივ-საოჯახო, სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ახალი სახელმძღვანელოს მიზანი რეგიონში დღემდე მოღწეული ხალხური რიტუალებისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა.
„აჭარაში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ტრადიციები და რიტუალები საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა, ამიტომ საკმაოდ ტრანსფორმირებული სახითაა შემორჩენილი. მათში შემონახულია არა მხოლოდ ხანგრძლივ სამეურნეო-შრომით პროცესში დაგროვილი ემპირიული გამოცდილება, არამედ ხალხის საქმიანობასა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ბევრი სხვადასხვა ტრადიცია, სულიერი კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი ელემენტი: რწმენა-წარმოდგენები, მაგიურ-რელიგიური რიტუალები და დღე-სასწაულები, სიმბოლოები, სიტყვიერი მაგია, სარიტუალო კერძები, რომლებიც თითქმის ყველა დღესასწაულს ამშვენებდნენ, ხალხური რელიგიური აზროვნების სხვადასხვა ასპექტი“ ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში.
აჭარული ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევის ბეჭდური ვერსია დაინტერესებული პირებისთვის აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი. მასში ყურადღება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან, საინტერესო ხალხურ რიტუალებსა და ტრადიციებს ეთმობა, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების, ისე ვიზიტორებისთვის. აჭარის კულინარიული გზამკვლევის შემდეგ ეს რიგით მეორე სახელმძღვანელოა, რომელიც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურიზმის სექტორისთვის მოამზადა.