ალექსანდრა ჯაფარიძე-ქალი, რომელმაც თავის ძმებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს და სათავე დაუდო მთამსვლელობის გმირულ ისტორიას საქართველოში

პირველი მთამსვლელი ქალი მსოფლიოში, საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1923 წ.), საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936 წ.), საკავშირო კატეგორიის მსაჯი ალპინიზმში (1960 წ.), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1962 წ.), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1945 წ.) ალექსანდრა ჯაფარიძე ის პიროვნება გახლდათ, რომელმაც თავის ძმებთან – სიმონთან და ალიოშასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს და სათავე დაუდო მთამსვლელობის გმირულ ისტორიას საქართველოში.

ჯაფარიძეთა ოჯახიდან, მთამსვლელობას, პირველად ალექსანდრა ეზიარა. 1923 წელს, საქართველოს გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის, პროფესორ ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე მოწყობილ პირველი სამეცნიერო ექსპედიციაში იგი ერთადერთი ქალი იყო, რომელმაც წარმატებით ჩაატარა მეტეოროლოგიური დაკვირვებები.

1929 წელს თეთნულდზე ასვლის დროს, მეგობრის გადასარჩენად შემართულს, 33 წლის ასაკში შემოაღამდა მთამსვლელსა და გეოლოგს, ლოპოტის თეთრი მარმარილოს საბადოს აღმომჩენ სიმონ ჯაფარიძეს… გლოვამ დაისადგურა ჯაფარიძეთა ოჯახში, მაგრამ ერთი ძმა, მეორემ შეცვალა. ალექსანდრას მომდევნო ძმა – ალიოშა ამოუდგა მხარში. და-ძმამ სიმონის საფლავზე ფიცი დადო – მისი დამსხვრეული ოცნებების აღსადგენად, წლისთავზე თეთნულდზე ასულიყვნენ. ერთი წლის შემდეგ თეთნულდზე ოთხნი ავიდნენ: და-ძმა ჯაფარიძეები, მათი მუდმივი თანამგზავრი მთაში, მოხევე იაგორ კაზალიკაშვილი და სვანი ადსილ ავალიანი.

სიმონის დაღუპვის ადგილას – ნაგების მყინვარის სათავეში, კლდეზე, ლითონის ფირფიტა მიამაგრეს სიმონის სურათითა და წარწერით: “კავკასიონის მწვერვალთა მესაიდუმლის სიმონ ჯაფარიძის ხსოვნას, მისი დამსხვრეული მისწრაფების აღსადგენად, აქ მოსულ მისივე და-ძმისაგან. ივლისი, 1930 წელი“.

1934 წელს ცნობილი ექიმისა და მთამსვლელის სოსო ასლანიშვილის თავმჯდომარეობით შექმნილმა ე. წ. “უშბის კომიტეტმა“ უშბის ექსპედიციის უფროსად დანიშნა ალიოშა ჯაფარიძე. მოიერიშე ჯგუფში აქაც ოთხნი იყვნენ: და-ძმა ჯაფარიძეები, იაგორ კაზალიკაშვილი და გიო ნიგურიანი.

მწვერვალამდე ორასამდე მეტრი რჩებოდა, დაღლილებს ღამემ მოუხერხებელ ადგილზე რომ მოუსწრო. აქ ერთი ადამიანი თუ გაათევდა, ისინი კი ოთხნი იყვნენ. აუცილებელი გახდა 200 მეტრით ქვევით დაშვება. სხვა გამოსავალი არ იყო. გადაწყდა უკან დაბრუნება. მხოლოდ ალექსანდრა არ აპირებდა წასვლას. მას გამოცდილება კარნახობდა, რომ ამ კრიტიკულ მომენტში, მცირე დაბრკოლებამ შეიძლება ხელი ააღებინოს განზრახვაზე მის თანამგზავრებს. ალიოშა მიუხვდა დას ჩანაფიქრს და დათანხმდა დარჩენილიყო.

ალექსანდრა ჯაფარიძის თოკზე დაკიდებულმა უშბის ვერტიკალურ კედელზე ღამისთევამ, გადამწყვეტი როლი შეასრულა მწვერვალის წარმატებით დალაშქვრაში.

– „თუ არა ალექსანდრას თავგანწირვა, ჩვენ, ალბათ ხელს ავიღებდით უშბის დაპყრობაზეო“ – იგონებდნენ შემდეგ ასვლის მონაწილენი.

1940 წელს, ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ცენტრალური კავკასიონის დიდი ტრავერსი. პირველად ალპინიზმის ისტორიაში, ქართველმა მთამსვლელებმა, ძირს დაუშვებლად, კავკასიონის უმაღლეს და ურთულეს მონაკვეთში, სურსათის მარაგის შეუვსებლად, 20-25 კილოგრამიანი ზურგჩანთებით, 13 დღეში, ქედ-ქედ გაიარეს 80 კმ, დალაშქრეს 20-ზე მეტი მწვერვალი, რომელთაგან 11 უმაღლესი კატეგორიის სირთულისა იყო და მასში თავიდან ბოლომდე, გაბრიელ და ბექნუ ხერგიანებთან, გოჯი ზურებიანთან და სხვებთან ერთად მონაწილეობდა ერთადერთი ქალი – ალექსანდრა ჯაფარიძე. იმ დროისათვის ასეთ ძნელ ალპინისტურ ლაშქრობაში ქალის მონაწილეობა პირველი შემთხვევა იყო მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში. ეს ტრავერსი, თავის დროზე, მსოფლიო კლასის სპორტულ მიღწევად და უმაგალითო ალპინისტურ რეკორდად იყო მიჩნეული.

და-ძმა ჯაფარიძეებმა მწვერვალების გარდა, მრავალი მიუვალი მღვიმე-გამოქვაბული, ბუნებრივი სვეტი თუ ქვაბ-სახიზარიც გამოიკვლიეს. მათ შორის ხვამლის მიუვალი ციხე-ქვაბული, ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „მტრისაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები“. ალექსანდრა ჯაფარიძემ ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით პირველმა შეაღწია მყინვარწვერის კალთებზე 4100 მეტრის სიმაღლეზე არსებულ ბეთლემის გამოქვაბულში, რითაც გააცოცხლა ილია ჭავჭავაძის უკვდავი პოემის – „განდეგილის“ ლეგენდა.

1945 წლის შემოდგომაზე, ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით დაიწყო უშბა-შხელდის დიდი ტრავერსი. საქართველოში მოულოდნელად შემოჭრილმა ციკლონმა უშბაზე დაატყვევა მთამსვლელები. ერთი კვირის შემდეგ კი არნახული სიძლიერის ზვავმა, კარავში ღამის სათევად შეფარებული ალიოშა ჯაფარიძე თავის მეგობრებთან – ქელეშბი ონიანთან და ნიკოლოზ მუხინთან ერთად დამარხა უშბის ნაპრალებში.

უსაზღვროა ალექსანდრას მწუხარება, მაგრამ მტკიცეა მისი ნება. მისი შეჩერება შეუძლებელია… წლისთავზე, იგი, ალიოშას გზით ადის უშბის ჩრდილოეთ მწვერვალზე და საკუთარი ხელით ხსნის ძმის მიერ დატოვებულ უკანასკნელ ბარათს…

1950 წელს მეგობრებმა კაკო მარმა, ბექნუ ხერგიანმა, ჭიჭიკო ჩართოლანმა, გოჯი ზურებიანმა და მაქსიმე გვარლიანმა განახორციელეს ალიოშა ჯაფარიძის ჩანაფიქრი, წარმატებით გაიარეს დაუსრულებელი ტრავერსი და ვალი მოიხადეს თავისი მასწავლებლის ხსოვნის წინაშე.

12 წლის შემდეგ მიაკვლიეს ალიოშა ჯაფარიძისა და მისი ჯგუფის წევრების ნეშტებს, რაზეც მწერალი ლევან გოთუა წერდა “უშბამ პირველად დააბრუნა თავისი მსხვერპლი“.

ალექსანდრა ჯაფარიძემ ქართულად თარგმნა ცნობილი ფრანგი მთამსვლელის მორის ერცოგის გახმაურებული წიგნი „ანაპურნა”, სადაც ამაღელვებლადაა აღწერილი ჰიმალაებში პირველი 8000-იანი მწვერვალის აღებისას სტიქიასთან ბრძოლაში გამარჯვებულ მთამსვლელთა არნახულ გმირობა.

მრავალი თაობის აღმზრდელი, სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი ალექსანდრა ჯაფარიძე, 1974 წლის 27 ნოემბერს უხმაუროდ განერიდა ამ წუთისოფელს. იგი, ვერის ბაღში, თავისი ძმების გვერდითაა დაკრძალული.

                                                                                                                                ივანე ჯაფარიძე  

                                                                     

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები