რა ბედი ეწია პირველი ქართული ოპერის ავტორს-უსამართლოდ მივიწყებული ნიჭიერი კომპოზიტორი
უცნაური ფაქტია: მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში, როცა საქართველოში იყვნენ მუსიკის ისეთი კორიფეები, როგორებიც, ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილია, ეროვნული მუსიკის ისტორიაში სცენაზე დადგმული პირველი ქართული ოპერის ავტორად სოფელ ქვემო ხოდაშენში დაბადებული, 25 წლის რევაზ გოგნიაშვილი შევიდა.
სწორედ მას ეკუთვნის პირველი ქართული ოპერა „ქრისტინე“, რომლის პრემიერა დამოუკიდებელ საქართველოში, 1918 წლის 21 მაისს, „ქართული კლუბის“ სცენაზე გაიმართა. იმავე დღეს, გიორგი ლეონიძის თხოვნა გავრცელდა: „ბილეთის შეძენა ვერ მოვასწარი, აღარ დარჩენილა. გთხოვთ, შემიშვათ პრემიერაზე, თუნდაც ფეხზე დავდგები”. იმავე წლის 17 ივნისს, „ქრისტინე“ თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა. მოგვიანებით, საბჭოურმა ცენზურამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მისი პოპულარობისთვის ხელი შეეშალა. კომპოზიტორს მთელი ცხოვრება ავიწროებდნენ, „ქრისტინეს“ საოპერო პარტიტურა კი 70 წლის მანძილზე დაკარგული იყო და მის კვალს ვერსად მიაგნეს.
სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ არა მუსიკისმცოდნე მზია ჯაფარიძე, ამ ნიჭიერ, მაგრამ დაუფასებელ ქართველ კომპოზიტორზე არაფერი გვეცოდინებოდა. მან აღმოაჩინა ქართული ოპერის დაკარგული კლავირი და პარტიტურა, მოიძია კომპოზიტორის ნათესავები და ახლობლები და რევაზ გოგნიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამბავი გაასაჯაროვა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაბეჭდილ სტატიაში – „განა რა გვაქვს დასაკარგი?!“. გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ არასათანადოდ დაფასებული ქართველი კომპოზიტორი და ის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რაც იმ სასტიკ დროს და საბჭოთა რეჟიმს გადაურჩა.
– ქალბატონო მზია, პირველად როდის დაინტერესდით ამ პიროვნებით და სად შეიტყვეთ მასზე ინფორმაცია?
– ეს მოხდა მაშინ, როდესაც ვეცნობოდი პროფესორ გულბათ ტორაძის „ქართული მუსიკის ისტორიის“ პირველ ტომს, მასში სქოლიოში ნახსენები იყო ქართულ სცენაზე დადგმული პირველი ოპერა „ქრისტინე“, სწორედ ამ ინფორმაციამ დამაინტერესა და კვლევაც მაშინ დავიწყე. რაც შეეხება კლავირს, ან პარტიტურას, ვისაც მივაკითხე, იმედი ყველამ გადამიწურა – ტყუილად ეძებთო. ამიტომ დავჯერდი მის ბიოგრაფიას, რომელიც ასევე მივიწყებული იყო და გამოვაქვეყნე. იმ დროს ხელოვნების, იმჟამად, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის როგორც შენობა, ისე კატალოგები, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ოპერის სანოტო მასალა გოგნიაშვილის პირად არქივშიც არ აღმოჩნდა. ერთადერთი სანოტო მასალა – მისი პიესების კრებული მოვიპოვე.
– კონკრეტულად რა კრებულზეა საუბარი?
– ეს არის 1910 წელს, რევაზ გოგნიაშვილის პარიზში (სადაც კონსერვატორიაში სწავლობდა) გამოცემული პიესების კრებული “ARABESQUES”. Revase Gognieff. ეს ნოტები გოგნიაშვილის ნათესავმა, ბატონმა გოგი კახიძემ გადმომცა. მე კი 1993 წელს, ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ის ხელოვნების მუზეუმს გადავეცი. ამ პატარა კრებულში გაერთიანებულია ცხრა მინიატურა: რვა საფორტეპიანო და ერთი ვოკალური ნაწარმოები.
– პირველი ქართული ოპერის დაკარგულ კლავირსა და პარტიტურას სად მიაგენით?
– რაც შეეხება, ოპერის სანოტო მასალას, მას სრულიად შემთხვევით წავაწყდი ხელოვნების მუზეუმში, სადაც ქართული საგუნდო მუსიკის კლასიკოსის, ნიკო სულხანიშვილის შემოქმედებაზე ვმუშაობდი. ეს იყო რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინეს“ და მისი მეორე ოპერის „ჯადოსანი“ სანოტო ხელნაწერები. ამის შესახებ 2000 წელს, კომპოზიტორთა კავშირის გაზეთში „მუსიკა“ სტატია გამოვაქვეყნე.
– რა სირთულეები ახლდა პირველი ქართული ოპერის დადგმას?
– „ქრისტინეს“ დადგმას საოპერო თეატრის სცენაზე არა ერთი სირთულე ახლდა. საქმე ისაა, რომ თეატრის სცენა იჯარით ჰქონია აღებული ვინმე ლევიცკის, რომელსაც როგორც იმჟამინდელი პრესა წერს, ქართული ოპერის აჟღერება დიდად არ „ეპიტნავებოდა“. ამასთან, კომპოზიტორს თურმე დიდად არც ქართული მუსიკალური საზოგადოება სწყალობდა. სვიმონ წერეთელი იხსენებს:
„ქრისტინეს“ პრემიერა ჩაშლის პირას იყო მისული, უმნიშვნელო საბაბით უმოწყალოდ დააჯარიმეს ოპერის დადგმის ინიციატორები, ქართულ ენაზე დასაბეჭდად ჩაბარებული აფიშები რუსულ ენაზე დაბეჭდეს. სპექტაკლი რვა საათზე იწყებოდა და ხალხი არ ჩანდა. აღმოჩნდა, რომ ვიღაცებს თურმე აფიშები ჩამოუხევიათ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა პრემიერის შესახებ არაფერი იცოდა. ამას დაემატა ისიც, რომ ვანო სარაჯიშვილი ავად გამხდარა და მის მაგივრად თითქმის ურეპეტიციოდ ბერიოზინს უნდა ემღერა.
– მიუხედავად ამდენი წინააღმდეგობისა, წარმოდგენამ წარმატებით ჩაიარა?
– დიახ, წარმოდგენამ წარმატებით ჩაიარა. ამის შემდეგ ქართული ოპერის მოამაგეთა მოწადინებით, თბილისში, ქართული კლუბისა და სახალხო თეატრის სცენაზე „ქრისტინე“ არაერთხელ დაიდგა. როგორც სვიმონ წერეთელი აღნიშნავს – ოპერა ყოველთვის ანშლაგით მიდიოდა. იოსებ იმედაშვილი თავის სტატიაში წერდა: „დღევანდელი დღე დღესასწაულია, სახელმწიფო თეატრში ქართული ოპერის ნახვას ვეღირსეთ.“ აქვე გეტყვით, რომ გარდა „ქრისტინესი“, რევაზ გოგნიაშვილს შექმნილი აქვს ქართულ ხალხური ზღაპრების თემატიკაზე ფანტასტიკური ოპერა „ჯადოსანი“ და მიხეილ ხერხეულიძის ლიბრეტოს მიხედვით ოპერა „მზის ქურუმი“, რომელიც საკულტო-სარიტუალო შინაარსის იყო. სიცოცხლის ბოლოს კომპოზიტორი მუშაობდა ოპერაზე „გიორგი სააკაძე“, ასევე მის კალამს ეკუთვნის მუსიკა 200-მდე სპექტაკლისთვის. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ შემოგვენახა.
– იმდროინდელმა ქართულმა პრესამ თუ გააშუქა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა?
– 1893 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ფილიმონ ქორიძის წერილი ქართული ეროვნული ოპერის შექმნის აუცილებლობაზე. როგორც პ. ხუჭუა აღნიშნავს: „ქართველი მოწინავე მოღვაწენი „დღენიადაგ იმის ოცნებაში იყვნენ, რომ როგორმე მოსწრებოდნენ ქართულ ეროვნულ ოპერას“ და აი, ეს დღეც დადგა“.
მოგვიანებით, 1910 წელს ჟურნალმა „თეატრი და ცხოვრება“ დაბეჭდა ახალბედა მუსიკოსის პორტრეტი და ის დაახასიათა როგორც იმედის მომცემი, ნიჭიერი კომპოზიტორი. იმავე სტატიაში აღნიშნული იყო, რომ პარიზის ერთ-ერთმა ფირმამ რევაზ გოგნიაშვილის საფორტეპიანო პიესა „სევდა“ გამოსცა. ცნობილია, რომ პარიზში სტუმრად ჩასულ აკაკი წერეთელს იქ მცხოვრებმა ქართველებმა საღამო გაუმართეს. სწორედ მაშინ წარდგა თავისი მუსიკალური ნაწარმოებით ახალგაზრდა კომპოზიტორი რევაზ გოგნიაშვილი. პოეტმა დიდ სარბიელზე გამოსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
– გასაბჭოების შემდეგ რა ბედი ეწია „ქრისტინეს“ და მის ავტორს?
-1921 წლის 5 დეკემბერს, „სახელოვნებო კომიტეტის“ წყალობით, „ქრისტინე“ თბილისის ოპერის რეპერტუარში შევიდა და სამხატვრო სათათბიროს დაავალა, რომ მის დასადგმელად ყველა საჭირო ზომა მიეღო. კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ რობაქიძე, ესწრებოდნენ ალექსანდრე წუწუნავა და მელიტონ ბალანჩივაძე. თუმცა, 1921 წლის თებერვალში ცნობილი ტრაგიკული მოვლენები მოხდა. გასაბჭოების მერე მაშინდელ საქართველოში ბევრს თვალში ეკლად ესობოდა მისი დახვეწილი ინტელიგენტობა, დიდი ერუდიცია, უცხო ენების ცოდნა, ამიტომაც ხელმოკლეობას განიცდიდა. ზოგჯერ იძულებული იყო რესტორნებშიც ემუშავა. საქმიანობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა რაიონებში ადგილობრივ თეატრებთან თანამშრომლობდა. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის, ქუთაისისა და გორის მუსიკალურ სასწავლებლებში, 30-იან წლებში თელავის მუსიკალური სკოლის დირექტორი იყო. ჭიათურის თეატრთან დაუარსებია სიმფონიური ორკესტრი, ხელმძღვანელობდა საგუნდო კოლექტივებს და ხშირად მონაწილეობდა ოლიმპიადებში, დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებდა რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრთან და სხვა.
– უშუალოდ კომპოზიტორის ნათესავებისგან რა შეიტყვეთ?
– რევაზ გოგნიაშვილი წარმოშობით თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშნიდან იყო. გოგნიაშვილებს ამ სოფელში დიდი მამულები ჰქონიათ. მე შევხვდი მის ნათესავს, ქეთევან ნაცვლიშვილს, რომელმაც ამ გვარისა და სოფლის შესახებ ლამაზი ლეგენდები მიამბო. მისგანვე გავიგე, რომ კომპოზიტორს საკმაოდ წარჩინებული საგვარეულო ჰყოლია: წინანდლელი ჭავჭავაძეები გოგნიაშვილების ახლო ნათესავები ყოფილან, ხოლო ქაქუცა ჩოლოყაშვილი რევაზ გოგნიაშვილს ბიძაშვილად ეკუთვნოდა.
– რით ხსნიან ისინი იმ ფაქტს, რომ დღეს კომპოზიტორის ასეთი მწირი არქივი შემოგვრჩა?
– რევაზ გოგნიაშვილის ნათესავმა, მიხეილ ანდრონიკაშვილმა გაიხსენა: „1924 წელს ჩვენ, შიშით ყველაფერი: სურათები, წერილები, დოკუმენტები დავწვით და გავანადგურეთ, ხოლო 30-იანი წლების შემდეგ, იმ დროის ვითარების გამო, უცხოეთში მცხოვრებ და რეპრესირებულ ნათესავთან ურთიერთობა გაგვიჭირდა. ამიტომაა, რომ ოჯახში მის შესახებ აღარაფერი მოგვეპოვება“. მისგანვე გავიგე, რომ რევაზ გოგნიაშვილი 20-იან წლების ბოლოს დაპატიმრებული ყოფილა. საკმაოდ თავმდაბალი, მოკრძალებული ადამიანი ყოფილა. მას კომპოზიტორთა კავშირის წევრობაც არ შესთავაზეს. როცა გარდაიცვალა, ნეკროლოგიც არ ღირსებია. გამონაკლისი იყო 1967 წლის 22 მარტს, კომპოზიტორთა კავშირის განცხადება, რომელიც ძუნწად იუწყებოდა, რომ გარდაიცვალა ქართველი კომპოზიტორი რევაზ დიმიტრის ძე გოგნიაშვილი. კომპოზიტორს არც შთამომავალი დარჩენია და არც მემკვიდრე, ამდენად, მისი დანატოვარის მოვლა-პატრონობა არავის უთავია.
– სად ინახება დღეს მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა?
– საბედნიეროდ, ხელოვნების სასახლე-მუზეუმის ახლანდელი დირექტორის, გიორგი კალანდიას ძალისხმევითა და გარჯით, მნიშვნელოვანმა ისტორიულმა დოკუმენტებმა, მათ შორის, პირველი ქართული ოპერის პარტიტურამ, კლავირმა და კომპოზიტორის სხვა ხელნაწერებმა მუზეუმის ექსპონატებს შორის ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. მახარებს ის ფაქტი, რომ ამ პიროვნებით დაინტერესდა ახალგაზრდა მკვლევარი, მუსიკოსი შიო აბრახამია, რომელიც რევაზ გოგნიაშვილის შემოქმედებაზე მუშაობას დღემდე აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 26 ოქტომბერს კომპოზიტორის დაბადებიდან 130 წელი სრულდება. იმედია, მუსიკალური საზოგადოება უყურადღებოდ არ დატოვებს ამ თარიღს და ნაწყვეტები მაინც შესრულდება პირველი ქართული ოპერიდან „ქრისტინე“.
ავტორი: ელენე ალექსიშვილი