რა მოხდა 9 წლის წინ ამერიკაში ?!

“ერთხელ ამერიკაში”  –  ამ სათაურით  აქვეყნებს  ჟურნალი – “არსენალი” ცნობილი   ქართველი მხატვრის,  ფოტო-ვიდეოგრაფისა  და ექსპერტ-კრიმინალისტის  ბატონი  მიხეილ ყანდარელის  სტატიას,  თუმცა ეს თავგადასავალი პირადად მას შეემთხვა  9 წლის წინ  ამერიკაში.

2014  წლის დეკემბერში, ბატონი მიხეილი, მისი ამერიკელი მეგობრების მიწვევით  სტუმრად ჩავიდა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ჰემპტონში და მასპინძლების თხოვნით თან ქართული ეროვნული სამოსი – ჩოხა-ახალუხი, ქამარ-ხანჯალი და ყაბალახი წაიღო.  მოკლედ, მეორე  დილით, ჩოხაში გამოწყობილმა და ვიდეოაპარატით აღჭურვილმა,  ეზოში მოსეირნე ირმების თანხლებით ფოტო-ვიდეო გადაღება დაიწყო.   უეცრად, პოლიციის სირენის ხმა  გაისმა და პოლიციის  მანქანამ  პირდაპირ მის ფეხებთან  დაამუხრუჭა. იარაღმომარჯვებულმა ოფიცრებმა ალყა შემოარტყეს ეჭვმიტანილს და თან   ხმამაღალი შეძახილები ისმოდა,

-აბა ხელები  გვაჩვენე, რა გიჭირავს ხელში ?!

-ყველაფერი  მშვიდად  დაალაგე  მანქანაზე !!!

და, რა თქმა უნდა, მაშინვე  ჩამოართვეს  ვიდეო აპარატი  და ტელეფონი. მან როგორც კი ქილებისკენ  ხელი გააპარა, პოლიციის ეკიპაჟმა  სასწრაფოდ მიზანში ამოიღო და მაშინვე შემართეს ავტომატები. ბატონი მიშა  იხსენებს, რომ მათ ქილები ნამდვილი ვაზნები ეგონათო, სინამდვილეში  ეს ქილები ხელოვნური იყო. ამ პროცესში მას  ტანზე  მამა-პაპური ვერცხლის ქამარ-ხანჯალი  შენიშნეს, რამაც უფრო დაამძიმა მდგომარეობა  და  პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა და მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყეს. ადგილზე იმყოფებოდა  5-6 პიკაპი, რამდენიმე  სპეცდანიშნულების მანქანა და კბილებამდე შეიარაღებული, ცოცხალი  ძალა.

მოკლედ ასე განაიარაღეს  ამერიკელმა პოლიციელებმა “საშიში დამნაშავე საქართველოდან” და თან პოლიციის   შეფის მოსვლას დაელოდნენ და ისიც მოვიდა…

ბედად  აღმოჩნდა, რომ პოლიციის შეფი ადრე ანსამბლ “სუხიშვილების”  კონცერტზე იყო  ნამყოფი  ნიუ-იორკში და   ჩვენი  ეროვნული სამოსი იცნო.

მან  სპეცოპერაციის შეწყვეტის ბრძანება გასცა და ასე გადაურჩა ჩვენი “ჩოხოსანი”, ბატონი მიხეილ ყანდარელი გახმაურებულ სპეცოპერაციას.

აქვე ნახავთ პოლიციის შეფთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

პოლიციის შეფი ბატონ მიხეილს უყვებოდა, რომ პოლიციის დეპარტამენტში 14-ზე მეტი   ზარი განხორციელდა მოსახლეობის მხრიდან, სადაც ატყობინებდნენ, რომ დასახლებაში უცნაურად  ჩაცმული შეიარაღებული ნინძა – ასისინი გამოჩნდა და სასწრაფოდ შველას ითხოვდნენ!!!

აი, ასეთი  საინტერესო ისტორია გადახდა წლების წინ  ჩვენს  თანამემამულეს ამერიკაში  და კეთილი  პოლიციის  შეფისგან კი ეს შესანიშნავი დარიგებაც მივიღეთ,  “ამერიკა თავისუფლების ქვეყანაა და აქ ყველას აქვს უფლება, თავის ეროვნული  სამოსი  ატაროსო.”

დაე, ღმერთმა დალოცოს ამერიკა, რომელიც მსოფლიოს ემიგრაციისთვის   მართლაც თავისუფლების ქვეყანაა!!! 🇺🇸🙏🏻🇬🇪

მასალა მოგვაწოდა ლელა  ქართველმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები