იმპროვიზაციის მენტორი, პიანისტი და კომპოზიტორი ნოამ სივანი კონსერვატორიას ეწვევა

18 – 24 თებერვალს, კონსერვატორიას მასტერკლასებით ეწვევა ცნობილი იმპროვიზაციის მენტორი, პიანისტი და კომპოზიტორი ნოამ სივანი.

მისი სამუშაო ფორმატის მიხედვით, იგი  ჩაატარებს ჯგუფურ მასტერკლასებს, რომელშიც სხვადასხვა მიმართულების მუსიკოსები – საფორტეპიანო, ჩასაბერი და სიმებიანი, ასევე ვოკალური და საკომპოზიციო მიმართულებიდან, პლუს კამერული ჯგუფები, ერთდროულად მიიღებს მონაწილეობას.

პიანისტი და კომპოზიტორი ნოამ სივანი მუსიკის სამყაროში იმპროვიზაციის წამყვანი პიონერია. ის იმპროვიზაციას აკეთებს როგორც კლასიკურ (ფუგა , სონატა და სხვ.), ასევე, თანამედროვე მუსიკის სხვადასხვა ჟანრში. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, (2023 და 2024) მას განზრახული აქვს იმუშაოს ბერლინის შტეგრაიფ ორკესტრთან (Stegreif Orchestra) როგორც პიანისტმა, კომპოზიტორმა და იმპროვიზაციის მენტორმა, რათა განავითაროს ორკესტრული იმპროვიზაციის ახალი მეთოდები, მონაწილეობა მიიღოს კონცერტებში.

მისი სოლო ალბომით –  Ambiro’s Journey, რომელიც საფორტეპიანო იმპროვიზაციის პირველ სტუდიურ ალბომს წარმოადგენს და 70 წუთზე მეტ უწყვეტ მუსიკას მოიცავს, ჩაწერილია ერთჯერად დაურედაქტირებელ რეჟიმში და მიჩნეულია როგორც „ახალი, გამორჩეული სიტყვა იმპროვიზაციის განვითარების ისტორიაში“.

მისი 50-ზე მეტი ნაწარმოები შესრულებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში, მათ შორისაა ოპერები, პარტიტურები ბალეტისთვის, კომპოზიციები ვოკალურ , საორკესტრო და კამერულ ჟანრში, კომპოზიციები სხვადასხვა საღამოებისა და შოუებისთვის.

იგი დაიბადა ჰაიფაში, ისრაელში, 1978 წელს. ნოამ სივანი იყო კერტისის მუსიკის ინსტიტუტის (ფილადელფია) იმპროვიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ჯულიარდის სკოლის კათედრის წევრი. ამჟამად იგი შტუტგარტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საფორტეპიანო იმპროვიზაციის პროფესორია. აქ მან 2020 წელს დააარსა მსოფლიოში პირველი სამაგისტრო პროგრამა კლასიკურ საფორტეპიანო იმპროვიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები