როგორ ხვდებიან გურიაში „კალანდას“ – ნაწყვეტი “დროების” 1869 წლის სტატიიდან
„მომილოცავს, მკითხველო, ახალი წელიწადი! ღმერთმან მრავალი მომავალი გაგითენოს და მასთან ყოველი სასიამოვნო სურვილი შესახებ კარგის აზრისა ნუ მოგაკლოსთ; მე მსურს, მკითხველო, ჩვენის მდაბალის ხალხის ჩვეულება ახალს წელს გიამბო…
… იმ ღამეს სანთლის დანთების ღამეს ეძახიან შინაურულად, ხოლო სასოფლოდ ეძახიან რცხმელის ჭრად, რადგანაც მართლა იმ დღეს რცხმელის შეშის მეტს ხალხი არას მოსჭრის და ახალ წელიწადს იმ ხსენებულ რცხმელის შეშის მეტს არას ხმარობენ… რა რომ ვახშამს დაასრულებენ, ერთი მამაკაცთაგანი გამოდის გარეთ და შეუდგება ჩიჩილაკის (ჩიჩილაკი არის თხილის ჯოხიდამ შემდგარი ნათალი ფუჩეჩი ჩამოკიდებული; იმაზედვე ჩიჩილაკს სიგრძე ექნება ორი საჟენი და სიმსხო ერთი არშინი) კეთებასა და თლასა, მინამ ალიონი მოატანს, მანამ იმ ჩიჩილაკის ჩამოთლას უნდება;
მაგრამ, როგორც მორთული იქმნება ეს ჩიჩილაკი, ისიც მოიხსენეთ მკითხველო, იმაზედ იქმნებიან დამოკიდებულნი, რაც შეძლება აქვს იმის პატრონს, ოქრო ან ვერცხლი, ან რომელიმე ნივთეულობა, ან რამე ტკბილი შაქარლამები, ან რაც ამ გვარის ხილოულობას იშოვნის; მასთან სუროს ფოთელი თავის მარცვლებით და ეკლის წითელ-წითელი მარცვლები, რომელსაც აქ ეძახიან „კურკანტელას“ და რა რომ ალიონი ამოვა, მამაკაციც მოათავებს ჩიჩილაკის წყობას და რთვას, გამოვა გარეთ ამ ჩიჩილაკით, თან მიჰყვება ერთი ანუ ორი ბიჭი, თუკი შეძლებული კაცია…
… მიადგებიან თავის სახლის კარებს, რომელშიაც კარზე ვინმე იდგება და ამას სახლის კარები ხელით აქვს დაჭერილი. მამაკაცი გარედამ შესძახებს დიდის სიამოვნების ხმით: „კარი გამიღე!“ სახლიდამ ეპასუხებიან: „რა მოგაქვს?“ მამაკაცი: „მობრძანდება წმინდა ბასილ, მოაქვს ღვთისა და ბატონის მოწყალება, კაცთა მშვიდობა, ოქრო და ვერცხლი, თვალი და მარგალიტი, პური და ღვინო. ბედაური ცხენი რახტის შეკმაზული, ყირიმის თოფი, ინგლისის ფისტო (დამბაჩა), მოჭედილი სატევარი (ხანჯალი) და ყაჭ-აბრეშუმი“; რა რომ ამ ლოცვას დაასრულებს, კიდევ შესძახებს: „კარი გამიღე“! და კვალადვე პირველისამებრ მიიღებს პასუხს; რაღა დიდი გავაგრძელო, სამის გზის დალოცვის შემდეგ გაუღებენ კარებს და კარზე მდგომი შესცინებს: ხა! ხა! ხა! და ეს კაციც თავის ჩიჩილაკითა და მხლების თან მიყოლით შედის სახლში; დაიწყებს ლოცვას მაჯვნიდან და მიჰყვება; იქ არიან შეკრებულნი დამდგარი ყველა იმ სახლშივე მყოფნი კაცნი და ქალნი. ყველას უჭირავს მოკიდებული ხელში თაფლის სანთლები. ეს კაცი თითოეულს იმ მდგომს ულოცავს: „ღმერთმან მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოსო“ და ისინიც მიუგებენ: „შენც მრავალი ეს დღე გაგითენოსო“ და ჩიჩილაკის მორთულობას ხელით უნდა შეეხონ. მამაკაცი სამ გზას ჩამოატარებს ამ ჩიჩილაკს და შემდეგ სახლის ერთ კუთხეში ჩამოჰკიდებს ნათლისღების დილამდის…
წირვაც ადრე იციან მღვდლებმა იმ დღეს, იქაც მოგროვებული სოფლის ხალხი ჩაემწკრივებიან ორ კეცათ ეკლესიის გალავანზედ, დაიმზადებენ თოფებსა და დამბაჩებსა, დაიწყებენ სროლას ყოველი თითოეული მათგანი სამ-სამჯერ; მაგრამ თუმცა ეკლესიას ახლოს მეორე ეკკლესია არის, ერთიმეორის თოფის ხმა ისმის, რომელიც ამტკიცებს, რომ წირვაც ერთ დროს დასრულებულა. ამ შემთხვევაში კი მომატებულს გაისვრიან ხოლმე, როისთვის რომ შეებაძებიან ერთი ეკკლესიის და მეორე ეკკლესიისანი, და თუ რომელმა ნაკლები გაისროლა, სათაკილოდ მიაჩნიათ იმ დღეს ჯობნება, რადგანაც ბედნიერი დღე არის, მათის აზრით; თოფის სროლის შემდეგ მიულოცავენ ერთმანეთს კოცნით…”
გურული ო… ბერიძე
1868 წლის 8 დეკემბერი“.