თესალონიკში საშობაო საღამო გაიმართა
2023 წლის 7 იანვარს, თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქორეოგრაფიულ ანსამბლ „საქართველოს“ ორგანიზებით საშობაო საღამო გაიმართა.
საღამოზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომრები. ბავშვებმა შეასრულეს ქართული სიმღერები და წაიკითხეს ლექსები.
„საშობაო საღამოს სტუმრებს ვიდეო ჩართვით მიმართა ფოლკლორის სახლის ხელმძღვანელმა სოფიო ლობჟანიძემ. მან დამსწრე საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელობა უდიდეს საქმეს აკეთებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის.
თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო მადლობას უხდის ანსამბლ „საქართველოს“ ხელმძღვანელობას და მის თითოეულ წევრს ქართული კულტურის ფესტივალში მონაწილეობისთვის, რომელიც საბერძნეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით იმართება”, – ნათქვამია თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.