სიდედრის საცვლებში შესრულებული როლი და ლექსი ერთგულ მაყურებელს

იპოლიტე ყვინჩია – თავდაპირველად სწორედ ამ სახელითა და გვარით დაიწყო თეატრალური მოღვაწეობა ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა მსახიობმა, იპოლიტე ხვიჩიამ. 

მაყურებელს თავი განსაკუთრებული ოსტატობითა და იუმორით შესრულებული როლებით 43 ფილმიდან და 3 თეატრის სცენიდან დაამახსოვრა, თუმცა, მის პერსონაჟებზე არანაკლებ მაყურებელს თავად იპოლიტე უყვარდა – საკუთარი გამორჩეული ხასიათისა და დამოკიდებულებების, იუმორის, მანერების, რთულ სიტუაციაში ნაპოვნი მარტივი და სასაცილო გამოსავლების გამო. 

არავინ იცის, მართალია თუ არა, მაგრამ მისი მეგობრები ასეთ შემთხვევასაც იხსენებდნენ:

“ბურთი და მოედნის” გადაღების დროს კუჭკუჭის სტადიონზე სარბენად დიდი შავი ტრუსები დასჭირდა, სტუდიაში კი იპოლიტეს ზომისა ვერ აღმოაჩინეს. გადაღება ორი დღით გადაიდო. საღამოს, შინ მისულმა იპოლიტემ, აივანზე გასაშრობად გაფენილ, სიდედრის კუთვნილ, შორტებივით სრულ, მოგრძო საცვალს მოჰკრა თვალი.

მეორე დღეს ვერიჩკამ შეძრა #13 სახლის მცხოვრებნი. მეზობლების აივნები რომ შემოიარა, ეზოშიც ჩავიდა და იქაც ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მიაგნო.

– რას ეძებ, ვერიჩკა? – ეკითხებოდნენ გაოცებული მეზობლები. ვერიჩკა კი, ვითომაც არ ესმოდა, რას ეკითხებოდნენ, უადგილოდ და უმიზეზოდ უღიმოდა მათ.

გვიან ღამით გადაღებიდან დაბრუნებულმა იპოლიტემ, ოჯახის წევრების გაღვიძებას რომ მოერიდა, აივანზე დაიძინა და… დილაადრიანად რძისა და მაწვნის ბოთლების გამოსატანად აივანზე გასული ვერიჩკას კივილმა ყველა გააღვიძა.

დედაია! ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები! სად იყო ბიჭო, მაი?

– კაი ახლა, ვერიჩკა – ეხვეწება იპოლიტე. – რა მოხდა მერე. ამ ასაკში შენ ტანზე ჩაცმულს მაინც ვერავინ ნახავდა და ახლა ეს ნიფხავი მსოფლიოს მოივლის…. აბა?!”

სწორედ ამ ფილმმა გააოცა  კანის ფესტივალზე ჟან გაბენიც . რეზო ჩხეიძის გვერდით მჯდომ ფრანგ მსახიობს თარჯიმნის მეშვეობით უთქვამს:
– რატომ არ ვიცნობ ამ კაცს, ეს რა გენიოსი გყოლიათო?

ფესტივალებთან დაკავშირებით ერთხელ თავად იპოლიტეს ჰკითხეს:
– ფესტივალებზე რატომ არ დადიხარ, მოსკოვში წასვლა მაინც რა გაგიხდაო?
– “იმიტომ რომ, ეშინიათ, ჩემნაირი რუსული მოსკოვში არ ისწავლონო.”

მსახიობს არასოდეს დაუმალავს, რომ ყველაფერს თავისი საყვარელი მაყურებლისთვის აკეთებდა. ამას ეს ლექსიც მოწმობს:

მე მინდა, რომ ხალხის გულში
დავბინავდე, ჩავესახლო,
რაც შევქმენი ცხოვრებაში,
თქვენ გეკუთვნით, ჩემო ხალხო.

დეე, გული თქვენ სიხარულს,
მარცვალ-მარცვალ მიპოვნიდეს,
თქვენი ჭირი შემეყაროს
თქვენს ხვიჩია იპოლიტეს.

ვერიჩკასთან (იპოლიტეს სიდედრთან) დაკავშირებულ სასაცილო ისტორიებს მისი მეგობრები ხშირად იხსენებენ:

ერთხელ, გადაღების დამთავრების შემდეგ, იპოლიტემ გადამღები ჯგუფი ოჯახში მიიპატიჟა. მოილხინეს. სადღეგრძელოები, სიმღერები, ანეკდოტები ერთმანეთს შეუნაცვლეს. სუფრასაც ჩიტის რძე არ აკლდა, მაგრამ ეროსი მანჯგალაძე არ ეშვებოდა იპოლიტეს – “სულ ესაა, ამაზე დამიძახე?” შეწუხებული იპოლიტე მეუღლეს დაუძახებდა და ყურში ჩურჩულით ახალი კერძის შეკვეთას აძლევდა. “ხაჭაპუროვნაც” (ასე ეძახდნენ ქალბატონ ლუბას) ამატებდა და ამატებდა ახალ-ახალ “შემოქმედებას” მაგიდას, ეროსი კი არ ისვენებდა და დროდადრო ახსენებდა მასპინძელს “სულ ესაა, ამაზე დამიძახეო?!” ბოლოს იპოლიტე წამოხტა და გასძახა მეუღლეს:
“– ლუბა, გაპუტე ვერიჩკა და შეწვი!”

სიცოცხლის ბოლო წლებში იპოლიტეს, ავადმყოფობის გამო, სახლიდან გასვლა უჭირდა, ამიტომ უმეტესად სულისმოსათქმელად აივანზე იჯდა ხოლმე, საიდანაც ხან ეზოში მიმდინარე ბიჭების ფეხბურთს მსაჯობდა, ხან კი ვიღაცას ემასლაათებოდა მაღლიდან.

ერთხელ ეზოში რაღაცის მშენებლობა წამოიწყეს და იპოლიტემ, რა თქმა უნდა, ზევიდან ყველა მშენებელი გაიცნო… იმ დღეს იპოლიტე, ჩვეულებისამებრ აივანზე დაჯდა, ხელში კი შალითაში გახვეულ ჩვილს ანანავებდა და უმღეროდა. უეცრად, თითქოს ვიღაცამ უკბინაო, მუშებს დაჰკივლა:
– მოდით, მიშველეთ, ხალხი არა ხართ?! აღარ შემიძლია ამის ამდენ ხანს ფერება და აწი თქვენ დაიჭირეთო, ეს თქვა და შალითებში გახვეული ჩვილი მეოთხე სართულიდან გადააგდო. მუშები თავპირისმტვრევით გამოცვივდნენ ბავშვის გადასარჩენად, მაგრამ ხელი შეახეს თუ არა, “ბავშვი” შალითებიდან “ამოძვრა” და იქვე დაიწყო ხტუნვა. ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი და სიმწრის ოფლის წმენდა… იპოლიტემ ხუთლიტრიანი, ღვინით სავსე ტიკი გადაუგდო მუშებს.

ამ შემთხვევიდან მალევე, 1985 წლის 1 თებერვალს, ლეგენდარული ქართველი მსახიობი და ყველასათვის საყვარელი კომიკოსი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

წყარო: არტინფო 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები