ფოლკლორის ცენტრის გამოცემებს ნათარგმნი ლიტერატურა შეემატა
2022 წელს, ფოლკლორის ცენტრის გამოცემებს ნათარგმნი ლიტერატურა შეემატა. ქართულ ენაზე დაიბეჭდა თანამედროვეობის გამოჩენილი ეთნომუსიკოლოგის ტიმოთი რაისის ნაშრომი “ეთნომუსიკოლოგია, ძალიან მოკლე შესავალი”. ინფორმაციას ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს.
წიგნში ავტორი მოკლედ აჯამებს ეთნომუსიკოლოგიის – როგორც ტრადიციული მუსიკის შემსწავლელი მზარდი დისციპლინის – შესახებ დღემდე დაგროვილ ცოდნას; გვაცნობს იმ მეთოდებს, რომელსაც თანამედროვე მკვლევრები იყენებენ მსოფლიო მუსიკის შესწავლის მიზნით.
მკითხველი იმასაც შეიტყობს, რომ დღესდღეობით ეთნომუსიკოლოგები იკვლევენ არამარტო მუსიკის ტრადიციულ (როგორიცაა მაგალითად, იაპონური გაგაკუ, ინდონეზიური გამელანი, ბულგარული ხალხური მუსიკა, ან ძირძველი აბორიგენი ამერიკელების საკრავები და სიმღერა), არამედ თანამედროვე ფორმებსაც, რეპიდან და რეგიდან ტექ-მექსსა და სერბულ ტურბოფოლამდე.
მცირე მოცულობიდან გამომდინარე, ნაშრომი თანამედროვეობაში არსებულ დროის დეფიციტის პრობლემასაც მარტივად უპასუხებს და მკითხველს მოკლე დროში აცნობს ეთნომუსიკოლოგიის ძირითად პრინციპების.
წიგნი განკუთვნილია არამხოლოდ ეთნომუსიკოლოგებისთვის, არამედ ტრადიციული მუსიკით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის.
“ძალიან მოკლე შესავალი” ოქსფორდის გამომცემლობის სერიას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებს აერთიანებს. წიგნების თარგმნას ამავე სერიიდან ფოლკლორის ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს.
პროექტის კოორდინატორები არიან: სანდრო ნათაძე, ნანა მჟავანაძე;
მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი;
სამეცნიერო რედაქტორები: ნანა მჟავანაძე, თეონა რუხაძე;
რედაქტორი: ნინო გოგალაძე;
დიზაინერი: ნიკოლოზ გოგაშვილი.