ეროვნულ გალერეაში ილუსტრაციების გამოფენა ქართულ-იაპონური მანგა გაიხსნა

2022 წლის  23 დეკემბრიდან 2023 წლის 15 იანვრამდე დიმიტრი  შევარდნაძის სახელობის ეროვნული  გალერეა თინა ცხადაძე-რატიანის გამოფენას მასპინძლობს.

გამოიფინა იაპონური მანგას სტილით შექმნილი შერეული ტექნიკით შესრულებული გრაფიკული ილუსტრაციების სერია ვაჟა-ფშაველას პოემის  „სტუმარ-მასპინძელი“ თემაზე.

პოემის იაპონური თარგმანი ეკუთვნის  იასუჰირო კოჯიმას და წიგნი  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. გამოფენის გახსნის დღეს 23 დეკემბერს, ქართულ იაპონური გამოცემის  პრეზენტაციაც გაიმართა.

მანგას სტილმა  ამჟამად არსებული სახით   დასავლური ტრადიციების დიდი გავლენით განვითარება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო. თუმცა, მანგას ღრმა ფესვები აქვს ადრეულ იაპონურ ხელოვნებაში. მას  განიხილავენ  როგორც ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთ სახეობასა  და ლიტერატურულ ფენომენს.

ნამუშევრები შემეცნებითი ხასიათისაა, რადგან წიგნი იაპონელი მკითხველისთვისაცაა განკუთვნილი.  მათში გადმოცემულია იმდროინდელი ყოფა: სახლების თავისებური არქიტექტურა, ინტერიერი, ყოფითი საგნები, ტანსაცმელი, საბრძოლო აღჭურვილობა და ა.შ.

თინა ცხადაძე – რატიანი მხატვრების 90-იანელთა თაობის წარმომადგენელია. ამავე პერიოდიდან ის აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. მის მიერ შექმნილი ძლიერ ქალთა სურათ-ხატები, აბსტრაქტული ისტორიები ქალთა შესახებ  სერიიდან –  ქართული მუქი (Georgian Dark)  –   ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები