„ექსპედიციის ოთხწლიანი კვლევა მარტო ამად ღირდა“ – ხვამლის მთაზე უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს
ხვამლის მთაზე, სადაც მეოთხე წელია არქეოლოგიური ექსპედიცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს, არქეოლოგებმა უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს. როგორც „რეგიონულ კვირას“ ექსპედიციის ხელმძღვანელი დავით სულხანიშვილი ექსკლუზიურად უყვება, არქეოლოგიური გათხრებისას ის ქვები აღმოაჩინეს, რომელზედაც ემიგრაციაში წასული ექვთიმე თაყაიშვილი თავის ერთ-ერთ ნაშრომში აღწერს.
ექსკლუზიური ინტერვიუ ხვამლის ექსპედიციის ხელმძღვანელ არქეოლოგ დავით სულხანიშვილთან.
– რამდენი წელია ხვამლს არქეოლოგიურად იკვლევთ და ვინ აფინანსებს კვლევებს?
არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2015 წელს დაიწყო ხვამლზე კვლევები, რომელსაც უკვე მეოთხე სეზონია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აფინანსებს. მინდა იცოდეთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ექსპედიციამ საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენები დააფიქსირა.
ეს ადგილი, რომელიც აქ არსებული სამონასტრო კომპლექსის შემადგენელი ნაგებობაა და სავარაუდოდ, წარმოადგენდა მარანს, რადგან ზიარების თვალსაზრისით, ღვინო საეკლესიო ცხოვრების განუყოფელი კომპონენტია, აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს გახლავთ აღმოჩენათა შორის, ჯერჯერობით, პირველი მრავალფენოვანი არქეოლოგიური ობიექტი, სადაც მე-10 და მე-11, ასევე მე-17-18 საუკუნეების ფაქტებს ვაწყდებით. სავარაუდოდ, საკმაოდ გემოვნებიანი მღვდელმსახურები ცხოვრობდნენ აქ, რადგან წავაწყდით მოჭიქული კერამიკის ნიმუშებს, რომელიც ჩინური წარმოშობისაა და ირანიდან უნდა იყოს შემოტანილი.
წინა წლების არქეოლოგიურმა კვლევებმა დაგვარწმუნა იმაშიც, რომ აქ ქრისტიანობამდელი ნაგებობებიც იყო, რისი თქმის საფუძველსაც კარიბჭის სტილი და მშენებლობის ტექნიკური მხარე მაძლევს. ის, რაც ახლა გითხარით, ცნობილ მკვლევარს, სოსო ბანძელაძესაც აქვს ნათქვამი თავის ნაშრომებში.
– თქვენთვის ხვამლის მთა არის…
-მე იცით რა მგონია? ხვამლის მთა თავის თავში საიდუმლოების მიღმა, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იდეას ინახავს – ზოგადსაკაცობრიო იდეას – რომლისკენაც მოილტვის მთელი საქართველო. თუ საღამომდე დარჩებით, ნახავთ რამდენი ადამიანი ამოდის ყველა კუთხიდან და არა მარტო, რა ეროვნების ადამიანს არ შეხვდებით.
– გამოთქმას „თუ ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა უშველოსო“ – ეთანხმებით?
– ქვეყანა ძველ ქართულში მსოფლიოს ნიშნავდა, თუ ამ პრინციპით მივუდგებით, ხვამლი თავისთავადაა გადამრჩენელი, მისი სიწმინდე უამრავი ფაქტორებითაა გამოწვეული და ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს. ხვამლი წმინდა მთაა, არა მხოლოდ ლეჩხუმისთვის, არამედ თამამად ვიტყვი მსოფლიოსთვის, როგორც სულხან-საბა აღნიშნავს – ვარსკვლავთკრებულია.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ ყველა ისტორიული წარსულის წყაროებიდან გამომდინარე, აქ მარტო არქეოლოგიურ
ი შესწავლა საკმარისი არაა?
- დიახ, სწორედ ამის თქმა მინდოდა – ხვამლი უნდა გახდეს ინტერდისციპლინარული კვლევის ობიექტი,წელს ჩვენ უკვე ჩავრთეთ სპალეოლოგებიც, ვნახოთ…
– ახლა იმ მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, რომელზედაც დაგვპირდით, რომ მხოლოდ ჩვენს სააგენტოს ეტყოდით?
– დიახ, ამას პირველად თქვენ გეუბნებით, მაგრამ მანამ მცირე ისტორიულ ექსკურსს ჩაგიტარებთ – 1910 წელს ლეჩხუმში იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა (შედეგების გამოქვეყნება აქ ვერ მოესწრო და ემიგრაციაში მყოფმა პარიზიდან გამოსცა), ხვამლის მთამდე ექვთიმემ ვერ მოაღწია უამინდობის გამო და იგი სოფელ ნაკურალეშში შეჩერდა, მას თან ახლდა იმ დროისთვის ცნობილი ფოტოგრაფი ერმაკოვი. ადგილობრივები უყვებიან, რომ ქვებში ტაძრის აღდგენის დროს მშენებლებმა იპოვეს ერთი დიდი წარწერიანი ქვა, დატეხეს იგი ოთხ ნაწილად და ტაძრის ოთხივე კუთხეში ჩაატანეს. ეს წარწერები ნახა ასევე ცნობილმა მკვლევარმა გიორგი ბოჭორიძემაც, რომელმაც ასევე ლეჩხუმში იმოგზაურა (1907-1908 წწ).
მერე ბოჭორიძემ 1923-1924 წლებში გამოსცა წიგნი, სადაც გააკეთა მხოლოდ გრაფიკული ჩანახატი და არანაირი დათარიღება არ მიუცია. ისიც აღწერს ქვის ოთხად გატეხის ამბავს. აი, იმის შემდეგ ეს წარწერები აღარავის უნახავს…
არადა ეს ქვები წელს, აქ ვიპოვეთ, ოთხი წელია ვეძებთ. უამრავი ადამიანი დადის მოსალოცად, ალბათ, ახლა უნდა გვეპოვა, მთელი ოთხი წლის ექსპედიციის შრომა მარტო ამად ღირდა. ქვები დატეხილი არაა, ისინი (ორი ცალი ჯერჯერობით) აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მთელი თლილი ქვებია. მასზე ადვილია ამოტვიფრა, არადა ზედ მთელი ტექსტია დატანილი, რომელიც სრულიად დარწმუნებული ვარ ცვლის ყველაფერს, რაც კი აქამდე ვიცოდით, ერთზე 5 ასო ჩანს, მეორეზე 8, რაც ფაქტია, არ დადასტურდა. ეს ქვები ტაძრის კუთხეებში ძალიან მცირე არეალზე ჩანს, დანარჩენი ტაძრის სიღრმეშია შესული. ვინ იცის, ზედ რა წერია. მე ვფიქრობ, რომ ქვები აქედან აუცილებლად უნდა გამოვიდეს და მათი ერთად შეერთების შემდეგ წავიკითხავთ ტექსტს, რომელიც, ვინ იცის, რას გვეუბნება. თქვენი საშუალებით მეუფესაც მინდა ამ თემაზე მივმართო, რომ ქვები უნდა გამოვიღოთ და ვნახოთ, რას გვწერენ საუკუნეებიდან. ანუ, ჩვენ არ ვართ პირველები იმაში, ვინც ეს წარწერები აღმოაჩინა, მაგრამ ვართ პირველები იმაში, რომ ვიპოვეთ დაუტეხელი ქვები, რომელიც ინახავს გზავნილს და ჩვენ ეს უნდა ვნახოთ.
ექსპედიცია 17 სექტემბერს არქეოლოგები ერთი წლით ემშვიდობებიან ხვამლის წმინდა მთას. საიდუმლოებით მოცულ მისტიკურ ადგილს ექსპედიცია იმ იმედით ტოვებს, რომ მომავალში კვლავ გაგრძელდება კომპლექსური შესწავლა. რამდენიმე კერძო პირმა კვლევების დაფინანსების სურვილი ინკოგნიტოდ გამოთქვა და იმედია, იმ ტექსტსაც გავშიფრავთ,რომელიც არქეოლოგ დავით სულხანიშვილის აზრით, ყველაფერს ცვლის.
მარინე სვანიძე – მედიაჰოლდინგი კვირა