22 დეკემბერს მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე დახვრიტეს

„- ეს დაჭერები ეპიდემიას ჰგავს, აუცილებლად გაივლის, დროებით გაეცალე აქაურობას, წადი სამეგრელოში ჩემიანებთან.“

„- მე მღვდელი ვარ, ვის რას ვუშავებ?“

შვილის გადმოცემით, აღნიშნული დიალოგი 1937 წელს შედგა მღვდელ პროკოფი ჩიგოგიძესა და მის მეუღლეს, ანასტასია გულუას შორის…

პროკოფი ჩიგოგიძე დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ახალშენში. ბიძის, მაქსიმე იესეს ძე ჩიგოგიძის დახმარებით მიიღო სასულიერო განათლება. 1905-1909 წლებში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი. 1908 წელს, ღვთისმსახურება დაიწყო ბათუმის სამხედრო ტაძარში, ხოლო 1923 წლიდან – დახვრეტამდე იყო ბათუმის სოუქსოს სასაფლაოს ეკლესიის მღვდელი და იქვე ცხოვრობდა.

პროკოფი ჩიგოგიძე წირვა-ლოცვას სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ბერძნულად ატარებდა იმის მიხედვით, რომელი ეროვნების ჯგუფი იყო მოსული ეკლესიაში. საკუთარ შვილებს და მეზობლის ბავშვებს ასწავლიდა ისტორიას. იყო ქველმოქმედი და მცირედი შემოსავლით ახერხებდა ოჯახის შენახვასაც და სხვა უპოვართა დახმარებას. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქალაქში, მას კომუნისტი პარტიული ფუნქციონერებიც პატივს სცემდნენ და ფარულად ანათვლინებდნენ ბავშვებს.

1923 (სამეულის სხდომის ოქმის თანახმად) ან 1924 წელს (შვილის გადმოცემით) პროკოფი ჩიგოგიძე პირველად დააპატიმრეს. პატიმრობაში გაცივდა, შუა ყურის ჩირქოვანი ანთება დაემართა და სმენა დაკარგა. 1937 წელს, დააკავეს და დახვრიტეს მისი ორი ძმა, ყოფილი სამხედროები, პარმენი და ერმალო.

პროკოფი ჩიგოგიძე მეორედ დააპატიმრეს 1937 წლის 7 დეკემბერს. მას ბრალი დაედო საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (პროპაგანდა და აგიტაცია) და 58-11 (ორგანიზაციული კონტრრევოლუციური მოქმედება) მუხლებით. ბრალდების ტექსტში ვკითხულობთ: იყო მტრულად განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების და პარტიის მიმართ და თავის ეკლესიაში ჩამოაყალიბა ა/ს ფაშისტური ჯგუფი კულაკებისგან. მათი მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა.

განსაკუთრებული სამეულის სხდომა, გოგლიძის, ტალახაძისა და მოროზოვის მონაწილეობით ჩატარდა 1937 წლის 16 დეკემბერს. 22 დეკემბერს, მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე დახვრიტეს.

პროკოფი ჩიგოგიძის რეპრესიებამდეც და მის შემდეგაც პრობლემები შეხვდათ მის ოჯახის წევრებს: 1935 წელს, პროკოფი ჩიგოგიძის შვილმა, ლიდამ წარჩინებით დაამთავრა ბათუმის სამედიცინო ტექნიკუმი და ნიშნებით პირველს ეკუთვნოდა სამუშაო სტაჟის გარეშე ჩაებარებინა ინსტიტუტში, თუმცა მასზე წინ პარტიული მუშაკების შვილები აღმოჩნდნენ და მას 3 წლით უწევდა აჭარის რომელიმე სოფლის საავადმყოფოში პრაქტიკის გავლა. ამით გულაცრუებულმა ლიდამ აღარ გააგრძელა სამედიცინო კარიერა და სხვა ფაკულტეტზე ჩააბარა. აჭარის ჯანმრთელობის მინისტრის ჩარევით, რომელიც განაწყენებული იყო რომ ლიდა ჩიგოგიძე სოფელში სამუშაოდ არ წავიდა, იგი კვლავ ვერ მოხვდა სასურველ ფაკულტეტზე. ლიდა მხოლოდ 1 კურსის დახურვის შემდეგ, სტუდენტთა ადგილების გაცვლით გადავიდა სასურველ, ქიმიის ფაკულტეტზე.

მეორე შვილი, გიორგი, რომელსაც ათწლედი ახალი ახალდამთავრებული ჰქონდა დააპატიმრეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ჯგუფის წევრობის ბრალდებით. შინსახკომში ის მძიმედ გახდა ავად, ფილტვში წყალი ჩაუდგა, რის გამოც გაათავისუფლეს, თუმცა შემდეგ წლების მანძილზე მოუწია მკურნალობა. მოგვიანებით, დაბრკოლება შეექმნა სწავლაში, როგორც რეპრესირებულის შვილს და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება ვეღარ შეძლო.

1945 წელს, მოსკოვში ყოფნისას, ლიდა ჩიგოგიძემ კრემლის კანცელარიაში, სტალინის სახელზე შეიტანა განცხადება მამის ბედის გასარკვევად. იგი უკვე თბილისში იყო დაბრუნებული, როდესაც შინსახკომში გამოიძახეს და მისცეს ცნობა იმის შესახებ, რომ მამა 1941 წელს არხანგელსკში გარდაიცვალა გულის ათეროსკლეროზით. ოჯახმა მხოლოდ 1955 წლის რეაბილიტაციის ცნობიდან შეიტყო სიმართლე – ის რომ პროკოფი ჩიგოგიძე 1937 წელს დახვრიტეს.

პ.ს. ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში აღმოჩენილი დიდი ტერორის დროს რეპრესირებულთა საფლავი ჯერჯერობით ერთადერთია მსგავსი ადგილია საქართველოს ტერიტორიაზე. მასობრივ სამარხში დაახლოებით 150 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი და მათ შორის შესაძლოა იყოს პროკოფი ჩიგოგიძის ნეშტიც.

წყაროები: ინტერვიუ პროკოფი ჩიგოგიძის შვილთან, ლიდა ჩიგოგიძე-ჭანტურიშვილთან (ჩაწერილი რამდენიმე წლის წინ). საქართველოს შსს არქივში დაცული მასალა. რეპრესირებულთა ისტორიები – 1937-1938

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები