ბერნის უნივერსიტეტში „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ – მე-13 ლექცია გაიმართა

2022 წლის 19 დეკემბერს ბერნის უნივერსიტეტში გაიმართა ქართული სწავლების ინტერდისციპლინური კურსის  –  „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ – მე-13 ლექცია, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე.

ლექციის თემა გახლდათ „საქართველოს ისტორია შუა საუკუნეებიდან უახლეს პერიოდამდე, მომავლის პერსპექტივები“. ელჩმა ისაუბრა ქართული სახელმწიფოს განვითარების ეტაპებისა და ისტორიის შესახებ, აგრეთვე კულტურული რენესანსის პერიოდზე, რომელიც წინ უსწრებდა ევროპულ აღორძინებას. ელჩმა  ყურადღება გაამახვილა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანაზე დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მმართველობის წლებში; იმ დროინდელ მიღწევებზე პოლიტიკურ, სამხედრო და კულტურის სფეროებში; შუა საუკუნეების საქართველოს კულტურულ და საგანმანათლებლო გავლენებზე საზღვარგარეთის მნიშვნელოვან კულტურულ-რელიგიურ ცენტრებზე. რევაზ ლომინაძემ  სტუდენტებს ასევე უამბო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის პროცესებზე, მის მნიშვნელობასა და შემდგომ მოვლენებზე. თანამედროვე პერიოდის მიმოხილვისას ელჩმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და მის სწრაფვაზე, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, რადგან უწყვეტია საქართველოს ბმა ღირებულებების შემქმნელი მნიშვნელოვანი ცივილიზაციების განვითარებასთან.

ლექციის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში ჩართულ უცხოელ და ქართველ მეცნიერებს, რომლებიც კითხულობდნენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ქართული ენის, ხელოვნებისა და ხელნაწერების შესახებ.

ლექციას ესწრებოდნენ ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტები და პროფესორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები