ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტებს მეფე ვახტანგ გორგასალს უძღვნის
საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საკოლექციო მონეტების გამოშვებას “საქართველოს მეფეების” სერიიდან. ამჯერად 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტებს მეფე ვახტანგ გორგასალს უძღვნის.
ოქროს მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფის გამოსახულება, რომელიც შექმნილია მხატვარ გიორგი გეგეჭკორის ფერწერული ნამუშევრის მიხედვით. მონეტაზე, დატანილია წარწერა “ვახტანგ I გორგასალი” და მისი მეფობის პერიოდი “Vს”. მონეტის უკანა ფონზე წარმოდგენილია თბილისი, კერძოდ მეტეხის მიმდებარე ტერიტორიის ილუსტრაცია.
ოქროს მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფარის გამოსახულება. მუზარადზე გამოსახულია მგლის თავი (როგორც მეფე ვახტანგ გორგასლის სიმბოლური ზედწოდება). მონეტაზე დატანილია წარწერები: “5 ლარი”, “საქართველო”, “2022”, “GEORGIA”.
მონეტები მოჭრილია ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში.
ეს „საქართველოს მეფეების“ სერიის მეოთხე მონეტაა, რომელიც ეროვნული ბანკის დაკვეთით მოიჭრა – ამ დროისთვის გამოსულ კოლექციაშია “ერეკლე II”, “დავით აღმაშენებელი” და “თამარ მეფე”.