ზურა სამშობლოს შეეწირა და დღეს უკვდავყოფილი გმირების რიგებშია…

კაპრალი ზურაბ ბალაშვილი 21-ე ბატალიონში მსახურობდა. 17 დეკემბერს 41 წლის გახდებოდა…

სოფელ ნიქოზზე მიტანილი საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა ზურაბ ბალაშვილი, რუსულმა ბომბდამშენებმა ნიქოზს 9 აგვისტოს შეუტიეს. ზურა იქ იყო, თავის ბატალიონთან ერთად. სიკვდილის წინ მეგობრებისთვის უთხოვია, ოჯახს მიმიხედეთო. 4 თვის იყო ლიკა, მამამ რომ დატოვა და თავისი თავდადებით გმირის ქალიშვილის სტატუსი მიანიჭა.

ბალაშვილი ირინა, ზურას მეუღლე: “კონტრაქტს ერთ წელში ამთავრებდა. ერაყშიც ნამყოფი იყო… ბოლოს 6 აგვისტოს ველაპარაკე, მითხრა – ბავშვს მიხედე და თავსაც გაუფრთხილდიო. მერე ჩემს ძმას დაურეკა, დაბადების დღე მიულოცა, უთქვამს: ერთი წლისთავი შეგვისრულდა, რაც მე და შენი და დავქორწინდით, შენს დაბადების დღეზეო… სახლშიც დაურეკავს და უთქვამს, ირინას არ გააგებინოთ, რომ ომში ვარო… ამ დროს უკვე ზემო ნიქოზში ყოფილა. არადა გვატყუებდა, არსად არ გავსულვარო. რომ დაიღუპა მერე გავიგეთ, რომ ომში იყო. 9 აგვისტოს დაღუპულა. ნიქოზში, საჰაერო დაბომბვა რომ მომხდარა, კასეტური ბომბის ანასხლეტი მოხვედრია… არტერია ჰქონია გადაჭრილი… მისმა თანამებრძოლებმა მითხრეს, ვინც მასთან ერთად იყვნენ ბოლო წუთამდე, უთქვამს ბიჭებისთვის ცოლ-შვილს მიმიხედეთ ბიჭებოო… მარტო ზურა დაიღუპა, მისი ბატალიონიდან ყველანი ცოცხლები არიან“.

ზურა ბალაშვილი 1981 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. ოჯახში მეორე შვილი იყო. ზუსტად ერთი წელი იცხოვრა მეუღლესთან ერთად, ქორწინებიდან ერთი წლის თავზე დაიღუპა… არაფერი დარჩა ოჯახს სანუგეშო, გარდა იმისა, რომ იციან ზურა სამშობლოს შეეწირა და დღეს უკვდავყოფილი გმირების რიგებშია. პატარა ლიკა მამას მაინც ელოდება…

გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები