„შემიშვით სახლში, გამათბეთო, აბა, შეშა და ცეცხლიო!“ – ვაჟა და ზამთარი სოფელში

ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, განუმეორებელი ვაჟა – ფშაველა, მოთხრობაში “ჩვენი სოფელი” ქართულ სოფელზე, ტრადიციებზე, სეზონის თავისუბურებებზე, “მედგარ შრომასა, ფეხშიშველი, მუცელტიტველი ბალღების” და  ოჯახის შესახებ ჰყვება..

„გართულს ხალხს ვერ შეუნიშნავს, რომ ზამთარი სპეტაკის წვერითა და თეთრის სამოსლით წამომდგარა კარებში, სიცივისაგან აცახცახებული, და იხვეწება: „შემიშვით სახლში, გამათბეთო, აბა, შეშა და ცეცხლიო!“ თითონ დაუპატიჟებლად მობრძანდება და დაიღრიალებს: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდესთ ღმერთი, ფეხი ჩემი, – კვალი ყინვისა, ხველა-მჭვლისა, „ფუფალა ბატონებისა“-ო. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდება ხალხი, მოიფშვნეტავს თვალებს, ეღირსება ბუხარს „გაძრიელება“ და დაუდევარი ღიღინი:

„გამხიარულდი, ბუხარო,
გულჩათხრობილი ნუ ხარო!“

აგერ ყველიერიც დადგა, ყველიერი თავის განუშორებელ მეგობრებითურთ – ბერიკებით და დილიდამ მოყოლებული მეორე დილამდე განუწყვეტლად სმა-ჭამით. იმდენი ხორაგეულობა უნდა ჩაყლაპოს, შთანთქას ყველამ, რომ მთელი ორმოცი დღე მისმა სინოყივრემ გასტანოს. დაუსრულებელი სმა-ჭამა და ქანაობით მონელება გახლავთ ყველივრის სამკაული.
მობრძანდა დიდმარხვაც, დადგა დრო ლობიოს მეფობისა, მისის სასტიკის ბრძანებლობისა. დადგა დრო სინანულისა, რათა მოველოდეთ აღდგომას სიხარულისას. ისმის მწუხარე ზარის რეკა, მწუხარე, თითქოს მიცვალებული იყოს სოფელში… მღვდელი და დიაკვანიც, ვერად მოყვარულნი წირვა-ლოცვისა, ზარმაცად მიდიან საყდრისკენ; ნამეტნავად შესაბრალისია ეს უკანასკნელი მსახური ეკლესიისა, რომელიც თავისუფალ დროს ძილის მეტს არაფერს აკეთებს და ერთავად სძინავს, როგორც რუსები იტყვიან, დევურის ძილით, ისე, რომთვალის ქუთუთოები ტომარასავით გაჰხდომია. ჩივის საჭმელზე: რა უნდა ჭამოს კაცმაო, ეს მარხვა რაღა ხათაბალააო… მეტი ჩარა არ არის, უნდა აასრულონ თავისი წესი. გაისმის დიაკვნის გამოურკვეველი კითხვა, კითხვა სხაპასხუპით, აჩქარებით, რაც უნდა ეცადო, ერთს სიტყვასაც ვერ გაიგონებ. ისმის მღვდლის ლოცვაც, სწორედ გლოვისა და ტირილის ხმაზე წარმოთქმული სიტყვები:

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა, მიმომწვლილველობისასა, მთავრობის მოყვარებისასა ნუ მიმცემ მხოლო სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომადლე მონასა შენსა. ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ!

დიაღ, საბრალო კილოთი ისმის ეს სიტყვები. ხალხი ოხვრით მუხლს იყრის და თქვენც ამბობთ: ამინ, ამინო!“

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები