ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრესის მუზეუმი გაიხსნა

15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პირველად საქართველოში, საქართველოს პრესის მუზეუმი გაიხსნა.

პრესის მუზეუმი შეიქმნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების ბაზაზე.

საქართველოს პრესის მუზეუმი არის სივრცე , სადაც პირველად იყრის თავს როგორც XIX, ისე XX საუკუნის პრესა, რომელიც ქრონოლოგიურადაა დალაგებული და მნახველს არა მხოლოდ პერიოდიკის, არამედ, ზოგადად, ეპოქის შესახებაც უქმნის შთაბეჭდილებას.

დამთვალიერებელი მუზეუმში ნახავს ივანე კერესელიძის, გიორგი ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხის და სხვათა გამოცემებს, როგორიცაა ჟურნალები: „ცისკარი“, „საქართველოს მოამბე“; გაზეთები: „ივერია“, „დროება“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „გუთნის დედა“ და სხვა. მუზეუმის ექსპონატთა შორისაა პირველი რესპუბლიკის პერიოდისა და საბჭოთა ეპოქის მნიშვნელოვანი გამოცემებიც.

„ექსპოზიციაზე წარმოდგენილია როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად გამორჩეული ეგზემპლარები. პრესის მუზეუმის სივრცეში იქნება როგორც მუდმივი, ისე დროებითი, თემატური გამოფენები.

მუზეუმში პერიოდული გამოცემების შენახვისა და დაცვისთვის აუცილებელი ყველა პირობა შექმნილია.

პრესის მუზეუმის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართული ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის განვითარების ეტაპები, რის შედეგადაც შეიქმნა საქართველოს უნიკალური  პრესა, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილი”, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები